რომან გოცირიძე - პოლიტპატიმრების განცხადება ვაჟკაცურია, მაგრამ ხელისუფლებას პოლიტიკურ მძევლებად მათი დატოვების უფლებას არ მივცემთ
რომან გოცირიძე - პოლიტპატიმრების განცხადება ვაჟკაცურია, მაგრამ ხელისუფლებას პოლიტიკურ მძევლებად მათი დატოვების უფლებას არ მივცემთ

პოლიტპატიმრების განცხადება ძალიან ვაჟკაცურია, მაგრამ ხელისუფლებას პოლიტიკურ მძევლებად მათი დატოვების უფლებას არ მივცემთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, რომელიც გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნაა, პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელის შეთავაზება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ქართული ოცნება“ მაინც არეგისტრირებს იმ ვარიანტს, რომელიც ოპოზიციისთვის თავიდანვე მიუღებელია. მსგავსი სქემით არჩევნებზე გასვლა კვლავ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება ისევ ფეოდალური სისტემით, რასაც მაჟორიტარული სისტემა ჰქვია. „ქართული ოცნება“ კვლავ ეცდება, გაყალბებითა და მაჟორიტარების გამოყენებით ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების ჩატარების წესი, ვერ უშველის „ქართულ ოცნებას“, რადგან იგი პოლიტიკურად განწირული პარტიაა და ისტორიულ სანაგვეს ჩაბარდება მათ მიერ მოტანილი წარუმატებელი წლების გამო“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა პოსტი, სადაც უგულავა წერს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მშვიდობიან განვითარებას ჰაერივით სჭირდება.

გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.

უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.