რომან გოცირიძე - პირველ დანახვაზე ჯერ გაგვეცინება, მერე აგვეტირება, აი, ასეთი მინისტრი გვეყოლება კულტურაში
სამინისტროების შეერთება სწორი იყო და იმის მტკიცება დემაგოგია, თითქოს, რაღაც დარგს ვერ განავითარებ, თუ მას საკუთარი სამინისტრო არ ექნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კულტურის სფეროს ცალკე გამოყოფა არასწორია.
„ჩაიხედეთ ბიუჯეტში, კულტურის სამინისტროს საქმიანობის 90 პროცენტი არის ფინანსთა სამინისტრო, 10 პროცენტი არის კულტურის მართვა. მას სჭირდება მცირე ჯგუფი გონიერი ადამიანების, რომლებიც კულტურის პოლიტიკას განსაზღვრავენ. რაც შეეხება დაფინანსებას, ეს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის საქმეა. როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ეს ყოველთვის გამიზნულია ვიღაცის დასასაქმებლად და შიდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ხელისუფლებას აღებული აქვს კურსი ბიუროკრატიზაციისა და ძალაუფლების შენარჩუნებისკენ. კადრებს გაბერავენ, სხვა სამინისტროებიც გამოიყოფა. კულტურაზე ცრემლების ღვრითა და ვითომ სიკეთის კეთების ლოზუნგით, ხდება საკუთარი ბიუროკრატიული და პარტიული აპარატის დასაქმებისთვის ნაბიჯების გადადგმა.
რაც შეეხება მინისტრს, არ ვიცით ვინ იქნება, მაგრამ მინისტრი იქნება ოდიოზური, ან მორჩილი, ან ორივე ერთად, როგორც გენერალური პროკურორის შემთხვევაში ხდება, რადგან ვიცით, როგორი მინისტრები ინიშნებიან და როგორ უყვარს ბიძინა ივანიშვილს კადრების შერჩევა. პირველივე დანახვისთანავე ჯერ გაგვეცინება და მერე აგვეტირება, აი ასეთი მინისტრი გვეყოლება კულტურაში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ განათლების სამინისტროდან კულტურის ნაწილის გამოყოფის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად ბექა ოდიშარია განიხილება.