რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების მონახულების უფლება მისცეს
რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების მონახულების უფლება მისცეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდმარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების მონახულების უფლება მისცეს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, პარლამენტის თავმჯდომარისგან კორონავირუსის მოტივით უარს ვერ მიიღებს, რადგან მზად არის, ტესტი გაიკეთოს.

„ამბობენ, რომ მოღალატეობის მუხლი ამოიღესო, არადა, კოდექსის 308-დან 313-მდე სახელმწიფოს ღალატის მუხლებია გათვალისწინებული და ამ მუხლებით გასამართლდებიან ის ადამიანები, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო, უდანაშაულო ადამიანები ციხეში ჩასვეს. ეს ადამიანები აუცილებლად გასამართლდებიან. ასეთი უპრეცედენტო უსამართლობა ბერიას დროსაც კი არ ხდებოდა. ასეთი საქმე იყო „გენეტიკოსების საქმე“ – საწყალი ბიოლოგები იმის გამო დაიჭირეს, რომ გენეტიკურ კვლევებს აკეთებდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. მაშინ ითვლებოდა, რომ გენეტიკა არის ბურჟუაზიული მეცნიერება და საბჭოთა კავშირში გენეტიკის ხსენება აღარ იყო.

დღეს სახეზე გვაქვს ამ მასშტაბის საქმე. პარლამენტის თავმჯდომარეს ვთხოვ, უფლება მომცეს, სინდისის პატიმრები ვნახო და გავარკვიო, რა ვითარებაში არიან. კორონას ვერ მოიმიზეზებენ, რადგან წინასწარ ტესტირებას გავივლი და მათ ისე მოვინახულებ. გავარკვევ, მათზე რა სახის ზემოქმედება მიმდინარეობს. როგორც ვხედავთ, ეს უწესიერესი ექსპერტები მხნედ არიან და უზნეო ზეწოლას უმკლავდებიან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მიმართებით ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს და შეთანხმება არაფერზე ყოფილა

„ეს საქმე შავ ლაქად დარჩება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყველაფერი რაც კეთდება, არის სიცრუე. ეს არის არჩევნებისთვის პოლიტიკური მიზნით გამოყენებული მოვლენა, რაც „ქართული იცნების“ სამარცხვინო პოლიტიკურ ისტორიაში შევა. არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, რომ როგორც უამრავი შეთითხნილი სხვა საქმე, ესეც დაიხურება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

დატოვე კომენტარი