რომან გოცირიძე - ნებისმიერმა თავმოყვარე პარტიამ უნდა განაცხადოს, რომ არასდროს შეუწყობს ხელს ივანიშვილს მთავრობის ჩამოყალიბებაში 
რომან გოცირიძე - ნებისმიერმა თავმოყვარე პარტიამ უნდა განაცხადოს, რომ არასდროს შეუწყობს ხელს ივანიშვილს მთავრობის ჩამოყალიბებაში 

კარგია თუ ეს საერთო კონსენსუსი იქნება და თუ ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანდება, – ამის შესახებ გიგი უგულავას შეთავაზებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დღეს სწორი განცხადება გააკეთეს.

„ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არაერთხელ გვითქვამს. სხვა პარტიებიც, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში მყოფი პარტიებიც გამოდიოდნენ მსგავსი განცხადებებით. კარგია თუ ეს საერთო კონსენსუსი იქნება და თუ ყველა გაერთიანდება ერთის წინააღმდეგ. ეს ერთი შეიძლება, იყოს ორი – „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ ორი ფორმალურადაა. სინამდვილეში, ეს ერთი მედლის ორი მხარეა“.

ნებისმიერმა თავმოყვარე პარტიამ, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, უნდა განაცხადოს, რომ ის არასდროს შეუწყობს ხელს ივანიშვილს მთავრობის ჩამოყალიბებაში. ანუ შეიქმნება დიდი კოალიცია პროდასავლური, დემოკრატიული და მრავალპარტიული, რომელიც ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას და საქართველოს ამ შვიდ წლიანი სტაგნაციიდან გამოიყვანს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა დღეს გიგი უგულავამ.