რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება „ოცნებისთვის“ სიურპრიზი და მოულოდნელი სვლა იყო
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიაში მიხეილ სააკაშვილის ღიად ჩართვა ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფრო მეტი რესურსებისა და ენერგიის მობილიზებას ნიშნავს.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა სწორედ ამიტომ არის გაღიზიანებულები.
„მათი აგრესიული, ცინიკური, შეშინებული და სასაცილო კომენტარები იმაზე მეტყველებს, რომ ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ეს „ქართული ოცნებისთვის“ სიუპრიზიც იყო და შოკიც, რადგან ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როცა სააკაშვილმა მაღალი პოსტი დაიკავა უკრაინაში და ამ უზარმაზარი სახელმწიფოს განვითარების სათავეში დადგა. მაშინ იფიქრეს, რომ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ მომავალს უკრაინას უკავშირებდა, მაგრამ ეს სიურპრიზი და მოულოდნელი სვლა მათთვის დამაბნეველი აღმოჩნდა და ეს მათი კომეტარებიდანაც ჩანს, რომ ამას არ ელოდნენ. რა თქმა უნდა, მოულოდნელობის ეფექტი ამაშია და სამომავლოდ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვიხილავთ“, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება, – აღნიშნულის შესახებ განცხადება დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.