რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში წინა ფლანგზე იქნება
რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში წინა ფლანგზე იქნება

მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში იქნება წინა ფლანგზე, როგორც თავად აცხადებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის შესაბამის ფორმას გამოძებნის.

„პარტიის აქტივთან და ამომრჩეველთან მისი ჩართვა სკაიპით ასჯერ მაინც გინახავთ. მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმას გამოძებნის, რითაც რეალიზებული იქნება მისი გავლენა, ავტორიტეტი და წონა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს იქნება კონსულტაციები, ვირტუალური შეხვედრები ამომრჩეველთან. ოპოზიციის გამარჯვებაში მიხეილ სააკაშვილის როლი მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, ვის ვინ მოსწონს და ვინ ვის ვერ იტანს, „ლეიბორისტული პარტიის“ გაერთიანებულ ფორმატში არავის განუცხადებია, რომ უმრავლესობას ივანიშვილს შეუქმნის“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, როგორც გოცირიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი და ასევე იქნება საპარლამენტო არჩევნების პირობებში.

„ძალიან სასაცილოა მიხეილ სააკაშვილზე საუბარი უკრაინის მოქალაქეობაზე რაღაც სამართლებრივი კირკიტით, ის არის საქართველოს მოქალაქეც, პოლიტიკური პარტიის მთავარი მოტორი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა არსებული სასამართლოს პირობებში, არაფერს ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი და ასევე იქნება საპარლამენტო არჩევნების პირობებში, როგორც არ უნდა ეშინოდეს „ქართულ ოცნებას“ და წუწუნებდეს.

მისი განცხადება, რომ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს პრემიერად მოიაზრებოდა, არ არის დამალული. „ქართულ ოცნებაში“ თავს ირცხვენენ, ელჩს იბარებენ, საწყალ ელჩს საგარეო უწყება აატალახებინეს. მათ ელჩმა დასცინა – სააკაშვილი სულით ხორცამდე ქართველიაო. ანუ, იურიდიული ტერმინით არ თქვა, საქართველოს მოქალაქეაო, რადგან ჩამორთმეული აქვს. ელჩები საგარეო უწყებაში რამდენიც არ უნდა ატარონ, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში იქნება წინა ფლანგზე, როგორც თავად აცხადებს”, – აღნიშნა გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ფართო საზოგადოებრივი კოალიცია იქნება წარმოდგენილი და მათ სიასთან ერთად, ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება ქართულ პოლიტიკაში.