რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის ყველა საფუძველი არსებობს
რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის ყველა საფუძველი არსებობს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხი აუდიტის სამსახურის გამოსაძიებელი არ არის.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის გამოძიება პროკურატურის ფუნქციაში შედის.

„აუდიტის სამსახური არ არის საგამოძიებო ორგანო. ეს მათ ფუნქციაში არ შედის, ეს საკითხი არის პროკურატურის გამოსაძიებელი. პროკურატურამ ეს საკითხი აუდიტის სამსახურში გადაამისამართა და ფაქტობრივად, გადაეფარა ამ პარტიას, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მეორე მხარე, მედლის მეორე მხარე. ეს პარტია ღიად და დაუფარავად მოქმედებს რუსეთის სასარგებლოდ, განსხვავებით, „ქართული ოცნებისგან“. დაუყონებლივ უნდა იყოს გამოძიებული ყველა ის საკითხი, რაც მოცემული ღია წყაროებიდან, რასაც არ სჭირდება გამოძიება – რა ხდებოდა აფხაზეთში, ვის შეხვდნენ, რითი გადმოვიდნენ და ა.შ. ეს არის სპეცსამსახურებისა და გამოძიების საკითხი. აუდიტის სამსახურში ამის გადამისამართება ნიშნავს ამ პროცესში ხელისუფლების მონაწილეობას და საკუთარი კვალის დაფარვას“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის ყველა საფუძველი არსებობს.

„ყველა საფუძველია, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია არჩევნებიდან მოიხსნას. რაც შეეხება ბათუმის მოვლენას, ეს სიურპრიზი იყო თავად „ქართული ოცნებისთვის“, რადგან მათი სატელიტები ამას უხეში ფორმით თუ გააკეთებდნენ, მათ დააზიანებდნენ, თუმცა „ქართული ოცნება“ რვა წლის განმავლობაში მსგავსი პროვოკაციების განხორციელებას ყოველთვის უწყობდა ხელს. გაიხსენეთ, რა მარშები იმართებოდა მარჯანიშვილსა და ბათუმში. ეს ყველაფერი შეფუთული იყო ეროვნულ საფუძველში, მაგრამ სინამდვილეში, რუსულ დაკვეთას ასრულებდნენ. რვა წლის მანძილზე ერთი შემთხვევა მაინც იყო, ვინმე რომ დაესაჯოს? ეს არის ხელისუფლების ნებართვით ჩადენილი ქმედებები. ხელისუფლებას უნდა, ამ ყველაფერს გაემიჯნოს, მაგრამ ერთი ორგანიზმია ორი სხვადასხვა სახელით“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას 25 აგვისტოს მიმართა. ელენე ხოშტარიას თქმით, საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო რუსულ დაფინანსებას და პლატფორმა „დოსიეზე“ გამოქვეყნებულ სტატიას.

პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პროკურატურამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება განიხილა და შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.