პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება განიხილა
პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება განიხილა

საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი, – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დასაშვებ ფორმებს. ამავე კანონის 34′-ე მუხლის თანახმად – პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მათ შორის აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურ პროკურატურაში შემოსული ზემოაღნიშნული განცხადება, შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა“, – ნათქვამია განცახდებაში.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას 25 აგვისტოს მიმართა. ელენე ხოშტარიას თქმით, საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო რუსულ დაფინანსებას და პლატფორმა „დოსიეზე“ გამოქვეყნებულ სტატიას. ინტერნეტგამოცემა ორ სხვადასხვა დოკუმენტს აქვეყნებს და ამ დოკუმენტების საფუძველზე იუწყება, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომლებიც საქმიანობაზე ანგარიშს აბარებენ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ რუსული დაფინანსება მიიღო.

დატოვე კომენტარი