რომან გოცირიძე ლევან ვასაძესა და მის მომხრეებზე - დრო იხელთეს, ჩირგვებიდან ტურებივით გამოძვრნენ და ტრიბუნის ოკუპაცია მოახდინეს
რომან გოცირიძე ლევან ვასაძესა და მის მომხრეებზე - დრო იხელთეს, ჩირგვებიდან ტურებივით გამოძვრნენ და ტრიბუნის ოკუპაცია მოახდინეს

იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობისა და გავრილოვის საქართველოში შემომყვანი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ზურგს ამ ხელისუფლებას უმაგრებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა, რომელიც ლევან ვასაძისა და მისი მომხრეების განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, „მარშისტებმა“ და მოხეტიალე მღვდლებმა, შავრაზმელებმა ის ადგილი დაიკავეს, სადაც ახალგაზრდები რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებდნენ.

„ესენი არიან ხელისუფლების მეორე ბნელი მხარე. დრო იხელთეს, ჩირგვებიდან ტურებივით გამოძვრნენ. როცა საპროტესტო აქციები იყო, მიმალულნი იყვნენ, რადგან მასის ეშინიათ და როცა ნახეს, რომ ქუჩაში არავინ დგას, მოვიდნენ და ახალგაზრდებისა და ტრიბუნის ოკუპაცია მოახდინეს. გაეთრნენ, აქედან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები, ასევე სასულიერო პირების ნაწილი აქციას მართავს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, საქართველოში არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდი“, ასევე გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შეიქმნას „გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი“.

გავრცელებული ინფორმაციით, „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.

დატოვე კომენტარი