„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ითხოვენ
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ითხოვენ

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ვერის ბაღიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მსვლელობაში მონაწილეობენ ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათ აქვთ სამი მოთხოვნა, კერძოდ, საქართველოში არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდი“, ასევე გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შეიქმნას გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.

ლევან ვასაძე ამბობს, რომ სწორედ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის იმის ძირითადი წყარო, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. მისივე მოსაზრებით, ლიბერალიზმი აღარ უნდა იყოს ქვეყნის წამყვანი იდეოლოგია.

ვასაძის თქმით, სწორედ ლიბერალური პოლიტიკაა მეორე მტერი, ქვეყნის პირველი მტერი კი რუსული ოკუპაციაა.

ბიზნესმენი დღეს დილით კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან იმყოფებოდა, სადაც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგები 06:30 საათიდან შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ პრაიდის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

ამასთან თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს დილით, სასულიერო პირები იყვნენ შეკრებილი. მათ მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პარაკლისის გადახდას აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.