რომან გოცირიძე - კონდოლიზა რაისმა განცხადებაში თქვა, თუ გინდათ კარგი მმართველობა, მაშინ თქვენს ქვეყანას თავად უნდა მიხედოთო
რომან გოცირიძე - კონდოლიზა რაისმა განცხადებაში თქვა, თუ გინდათ კარგი მმართველობა, მაშინ თქვენს ქვეყანას თავად უნდა მიხედოთო

გვეუბნებიან, ხელი გაანძრიეთ და შეიგნეთ, რომ დიდი ძალა გაქვთ და ეს არის ერთი ხმა ყუთში ჩაგდებულიო, –  ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებას.

მისი თქმით, კონდოლიზა რაისის განცხადების კონტექსტი იყო – დაგეხმარებით, როგორც დაგხმარებივართ, მაგრამ თავს თავად უნდა უშველოთო.

„კონდოლიზა რაისის განცხადებაში ორი რამის გამოყოფა შეიძლება – თუ გინდათ კარგი მმართველობა, მაშინ თქვენს ქვეყანას თავად უნდა მიხედოთ, ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ თქვენი გასაკეთებელი, თქვენ უნდა გააკეთოთო. კარგი მმართველობა არ არის და ოლიგარქიული მმართველობა არის, სადაც ფაქტობრივად, მოსამართლედ დარაჯს ნიშნავენ და ხელისუფლების ყველა შტო უზურპირებული ერთ ადამიანს აქვს. გვეუბნებიან, ხელი გაანძრიეთ და შეიგნეთ, რომ დიდი ძალა გაქვთ და ეს არის ერთი ხმა ყუთში ჩაგდებული, რითაც შეგიძლიათ, თქვენი ბედი გადაწყვიტოთო. კონდოლიზა რაისის განცხადების კონტექსტი იყო – დაგეხმარებით, როგორც დაგხმარებივართ, მაგრამ თავს თავად უნდა უშველოთო და ეს აბსოლუტურად სწორია“, – განაცხადა გოცორიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძე ამერიკელი კონგრესმენების ჯონ კატკოსა და სტივენ უომაკოს მიერ საქართველო-რუსეთის ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

“რაც შეეხება მეორე განცხადებას, შეიძლება, ეს არის ირიბი საყვედური ნატო-ს მიმართ, რომელმაც მაშინ, საქართველოს მაპ-ზე უარი უთხრა, რამაც პუტინის მხრიდან პროვოცირება მოახდინა აგვისტოს ომის დაწყებაზე. ნატო არის საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი, ქვეყანამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველო მზად იყოს ნატო-ში გასაწევრიანებლად. ქვეყანამ არ უნდა უყუროს რუსეთის ფარულ მუქარას, ჩვენი გზა არის ევროკავშირსა და ნატო-ში. პუტინის აგრესიის დაძლევის ერთადერთი გზა სწორედ ნატო მოიაზრება“, – აღნიშნა გოცირიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს, ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარების აღმოჩენა შეუძლია.

აშშ-ის ორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ კატკო და სტივენ უომაკო დღეს სოციალურ ქსელში საქართველო-რუსეთის ომის 12 წლისთავს გამოეხმაურნენ.

როგორც სტივენ უომაკმა აღნიშნა, აშშ-მა და საქართველომ ჩამოაყალიბეს ძლიერი პარტნიორობა და დემოკრატიის გზაზე აშშ მათ გვერდით დგას.  ჯონ კატკოს განცხადებით: „საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია არის ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებთან პარტნიორობის საჭიროების აბსოლუტური შეხსენება“.