რომან გოცირიძე - ეტყობა, ვიღაცას აქვს ზედმეტი სუნამო დასხმული
რომან გოცირიძე - ეტყობა, ვიღაცას აქვს ზედმეტი სუნამო დასხმული

ოპოზიცია როგორ შეიტანდა რამეს, როცა ბოიკოტის რეჟიმშია, შიგნით არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, „ვიღაცას ჰქონდა ზედმეტი სუნამო დასხმული“.

„მეცინება, უმრავლესობაში უთქვამთ, რომ რაღაცა სუნი დგასო და ოპოზიცია გვწამლავს. ეტყობა, ვიღაცას აქვს ზედმეტი სუნამო დასხმული. ძალიან მაღალი ხარისხის სუნამოს სუნი დადგა როგორც ჩანს და ახლა არიან შიშით. ხომ იცით, შიშს დიდი თვალები აქვსო და შეშინებული არიან, ვითომ ოპოზიციონერებმა აი აქ რაღაც შხამიანი გაზი შემოაგდეს. ან მეორე ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ როგორც რაიხსტაგს თავად მოუკიდეს ცეცხლი გერმანელებმა გერმანიაში, რომ მერე კომუნისტები დაესაჯათ, რის შემდეგაც მოხდა დიდი წმენდა და დაპატიმრება. შესაძლებელია, თავად გააკეთეს და რაღაც გაზი გაუშვეს, რომელიც მაღაზიებში იყიდება რაღაც შესასხურებელი. მოკლედ არ ვიცი. ჩვენ არა ვართ შიგნით. ოპოზიცია არაა შიგნით და ოპოზიცია როგორ შეიტანდა, როცა ბოიკოტის რეჟიმშია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, სხდომათა დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა.

დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამ დროისთვის სესიაზე შესვენებაა გამოცხადებული. სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები მუშაობენ.

ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებენ.