რომან გოცირიძე - „ენდიაის“ კვლევამ აჩვენა, რომ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს და „ქართული ოცნება“ მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში
რომან გოცირიძე - „ენდიაის“ კვლევამ აჩვენა, რომ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს და „ქართული ოცნება“ მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს „ქართული ოცნების“ დასასრულის დიაგნოზს უწოდებს.

გოცირიძის თქმით, უკიდურესად დაბალია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის.

„ეს არის „ქართული ოცნების“ დასასრულის დიაგნოზი. ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას იმ წარუმატებელი და უსამართლო ქმედებებისათვის, რასაც ეს პარტია და ხელისუფლება  შვიდი წლის განმავლობაში ჩადიოდა. ყველა მაჩვენებელი გაუარესდა, რისი გაუარებასაც შეიძლებოდა. უკიდურესად დაბალი არის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, ქვეყანა მიდის არასწორი გზით, ამას ამბობს ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი. დემოკრატიის ხარისხი გაუარესებულია. „ქართული ოცნების“ რეიტინგი მიექანება ფსკერისკენ. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნების“ რეიტინგს. დღეს რომ არჩევნები იყოს, ფაქტობრივად, ოპოზიცია იმარჯვებს და „ქართული ოცნება“ მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის ვერდიქტი და დასკვანა ამ კვლევისა. რაც შეეხება პერსონალურ რეიტინგებს, ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე არასასურველი და ნეგატიური პოლიტიკური ფიგურა დღეს საქართველოში“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 32 პროცენტის აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ყველაზე მეტ ხმას „ქართული ოცნება“ მიიღებდა.

კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები შემდეგნაირია: „ქართული ოცნება“  – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არცერთი“  – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – ექვსი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ორი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – ორი პროცენტი, „გირჩი“ – ერთი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – ერთი პროცენტი, „სხვა“ – ერთი პროცენტი.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება“ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასეთია: „არც ერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – შვიდი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ექვსი პროცენტი,  „პატრიოტთა ალიანსი“ – ხუთი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“ – ოთხი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – სამი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, თავისუფალი საქართველო – ერთი პროცენტი, სხვა – ერთი პროცენტი.