რომან გოცირიძე - ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობა არის მხოლოდ პროცედურული საკითხი
რომან გოცირიძე - ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობა არის მხოლოდ პროცედურული საკითხი

დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა არის პარლამენტის კონსტიტუციური ვალდებულება, – ამის შესახებ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის იმ განცხადების პასუხად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება რიგგარეშე სხდომას, სადაც მათი პარტიული სიით ადგილმონაცვლის დამტკიცების საკითხი განიხილება.

​„ძალიან არასერიოზული განცხადებები ისმის ახლა აქ. „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ ბოიკოტი არის დეპუტატებისა და ფრაქციების კანონიერი უფლება, ხოლო დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა არის პარლამენტის კონსტიტუციური ვალდებულება. ამიტომ, შეეშვან ყოველგვარ სპეკულაციას, ვინც აირჩია ხალხმა, ის უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროცედურული მხარე. თუკი ისინი ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ წავლენ, ფაქტობრივად იქნებიან კონსტიტუციისა და კანონის დამრღვევები. კონსტიტუციისა და კანონის ფეხქვეშ გათელვა არაერთხელ მომხდარა ამ პარლამენტში და ამ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი გამოვლინება იქნება, რომელსაც, რა თქმა უნდა, მიეცემა სერიოზული საზოგადოებრივი, მათ შორის, საერთაშორისო რეზონანსი“, – განცხადა გოცირიძემ.