რომან გოცირიძე - ათეულობით მილიონი იხარჯება საქართველოში დეზინფორმაციაზე, ეს არის უმძიმესი  ქვეყნის პოლიტიკური იმიჯისთვის 
რომან გოცირიძე - ათეულობით მილიონი იხარჯება საქართველოში დეზინფორმაციაზე, ეს არის უმძიმესი  ქვეყნის პოლიტიკური იმიჯისთვის 

საქართველო ჩადგა იმ ორი-სამი ავტორიტარული ქვეყნის რიგებში,  როდესაც ხელისუფლება, სახელმწიფო ეწევა დეზინფორმაციასა და საინფორმაციო ტერორს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება.

„ათეულ მილიონობით ფული იხარჯება დეზინფორმაციაზე. მილიონ ლარამდე რაზეც არის საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ეს არ არის „ფეისბუქის“ გარკვეულ ნაწილში რეკლამისთვის დახარჯული ფული, მაგრამ რეკლამას მომზადება უნდა. აქ არის უამრავი სხვადასხვა ხარჯი – ტექნიკა, ხელფასები, მასალის მომზადება და სხვადასხვა მიმართულებით გავრცელება. რამდენიმე ათეული მილიონი ემსახურება ქვეყანაში საინფორმაციო კლიმატის მოწამვლას. ეს არის ძალიან საგანგაშო, ვინაიდან ეს კერძო ინიციატივები არ არის და ამის უკან დგას სახელმწიფო რესურსები, სახელმწიფოს ფული და სახელმწიფოს არაფორმალური მმართველი. ეს არის უმძიმესი საქართველოს, ქვეყნის პოლიტიკური იმიჯისთვის და ძალიან მძიმე დარტყმა საქართველოს ხელისუფლებისადმი. ნდობა ფაქტობრივად ნულამდე დადის. ასეთ ქმედებას არავინ პატიობს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, ეს აისახება საერთაშირისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

„სამწუხაროდ, ეს საქართველოზეც აისახება, ვინაიდან იმიჯგაფუჭებულ ქვეყანაში ფული არ შემოვა. არ არის გამორიცხული სანქციებზეც იფიქრონ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სოციალურმა ქსელმა, „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.