რომან გოცირიძე - 7 ნოემბერსა და მაისში რუსთაველის გამზირი აყროლებული, სანაგვედ ქცეული იყო
რომან გოცირიძე - 7 ნოემბერსა და მაისში რუსთაველის გამზირი აყროლებული, სანაგვედ ქცეული იყო

7 ნოემბერსა და მაისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი, აყროლებული და სანაგვედ ქცეული იყო, სადაც ლოთები, ნარკომანები და პოლიტიკოსები ქვეყნის მთავარ ქუჩას სამი თვის განმავლობაში პარალიზებას უკეთებდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დარგობრივი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებას გამოეხმაურა.

რომან გოცირიძემ 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან პარალელები სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მიერ გამართულ აქციასთან გაავლო და აღნიშნა, რომ ყველა მცდელობა იმის, რომ რუსთაველის გამზირზე ორი კვადრატული მეტრის ზომის კარავი დადგან, პოლიციის მისვლითა და დარბევით სრულდება.

„7 ნოემბერს ვიღაც დაარბიეს, ეს გავიგე. დღეს, რუსთაველის გამზირზე ჩამოვიარე, უაზრმაზარი ტელეეკრანი გამოფინეს და ალბათ, ბავშვებს დაუძახებენ, როგორც ზუგდიდში გამგებელმა შეკრიბა და ფირები აჩვენა. ალბათ, ბავშვებს სკოლებიდან მოიყვანთ და აჩვენებთ. 7 ნოემბერსა და მაისში რუსთაველის გამზირი სამი თვე გადაკეტილი იყო. იყო აყროლებული, სანაგვედ ქცეული, სადაც 150 საკანი იდგა. ლოთებიდან, ნარკომანებიდან და პოლიტიკოსებიდან დაწყებული ქვეყნის მთავარ ქუჩას სამი თვის განმავლობაში პარალიზებას უკეთებდნენ. ტელევიზიასთან საკანი იდგა, სადაც ყოველი მეორე ნარკოტიკული თრობის ქვეშ საშინელებებს გაჰკიოდა. თქვენ რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამების, მაჩალიკაშვილისა და სარალიძის კარავი არათუ სამი საათი ვერ აიტანეთ, არამედ ცელოფნის პარკით გადახურული კარდონიც კი“, – აღნიშნა გოცირიძემ.

დეპუტატი დაინტერესდა, მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ახლა ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე საკანს დადგამს.

„მაშინ, ვიწყებთ აქციას, რუსთაველის გამზირს საკნებით სამი თვით ვკეტავთ. რომელიღაც ტელევიზიაში საკანს სამი თვე ჩავდგამთ და თუ ვინმე „გრეჩიხა“ ხალხს მოუწოდებდა, ჩვენ ვერმიშელს, ჩვენს მსახიობს ჩავდგამთ, სამი თვის განმავლობაში ვივლიდით და ხელისუფლების დამხობის მიმართულებით მოწოდებები გვექნებოდა. მაინტერესებს, თქვენი რეაგირება როგორი იქნებოდა?! ჭიკაიძის საბურავებით შეშინებული რომ იყავით, ათასი საბურავი მართლა რომ მოგვეტანა და რუსთაველზე დასაჯდომად დაგველაგებინა, რას იზამდით? დღეს რომ გამოვიდეთ და რუსთაველზე ერთი საკანი ჩავდგათ, რას მოიმოქმედებთ? აბა, გაბედეთ და ეს საკანი დაარბიეთ. სარალიძის აქციების დროს, ხალხმა გზა რომ გადაკეტა, საკანი დაარბიეთ და ხალხს რა უყავით? მთავრობას ვეკითხები, რუსთაველზე საკნის ჩადგმა გვინდა და როგორ მოიქცევით? – აბა, გაბედეთ დარბევა. სამი თვე ხალხი დატერორებული გყავდათ. სისხლიან რეჟიმზე რომ საუბრობთ, თქვენს სისხლიან საქმეებზე ისაუბრეთ. მაჩალიკაშვილს შვილი მოუკალით. თქვენი საარჩევნო დემაგოგია არ გავა. ლეგენდებია 26 ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცი და სისულელები. ხელისუფლებაში რუსეთის აგენტურით დადგმული ცოცხების სცენებით მოსული პარტია ხართ. თქვენს პრეზიდენტობის კანდიდატს ვერაფერი უშველის, გადამალული გყავთ. სად არის, გაათავისუფლეთ? ქალი გადამალეს, სისულეეებს იძახის ყველა გამოსვლაზე“, – მიმართა წილოსანს გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ქართველ ერზე არა მხოლოდ 7 ნოემბერს, არამედ ყოველ დღე ძალადობდა.