როჯერ ფედერერმა უიმბლდონზე 99-ე მატჩი მოიგო | უიმბლდონი 2019
როჯერ ფედერერმა უიმბლდონზე 99-ე მატჩი მოიგო | უიმბლდონი 2019

მამაკაცთა ტურნირის მერვედფინალში ყველაზე დამაჯერებელი როჯერ ფედერერი იყო. მას სულ რაღაც საათი და 13 წუთი დასჭირდა უიმბლდონზე მე-17 მეოთხედფინალში გასასვლელად. შვეიცარიელი ხვდებოდა იტალიელ მატეო ბერეტინის, რომელსაც წელს ბალახზე ყველაზე მეტი მატჩი ჰქონდა მოგებული (12). მაგრამ 23 წლის აპენინელმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ლეგენდას – 1:6, 2:6, 2:6.

უიმბლდონის რვაგზის ჩემპიონს ფანტასტიკური სტატისტიკა ჰქონდა – 23 „ვინერსი“ და მხოლოდ ხუთი (!) უნებლიე შეცდომა, საკუთარ მოწოდებაზე წაგებული მხოლოდ 11 ქულა და შვიდიდან ექვსი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი.

ფედერერის შემდეგი მეტოქე იაპონელი კეი ნიშიკორია, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 7:3-ს უგებს. აზიელი „დიდი სლემის“ ზედიზედ მეხუთე ტურნირზე გავიდა მეოთხედფინალში. ნიშიკორისთან მოგების შემთხვევაში, როჯერს უიმბლდონზე 100 გამარჯვება დაუგროვდება.