როჯერ ფედერერმა 98-ე ტიტული მოიგო
როჯერ ფედერერმა 98-ე ტიტული მოიგო

დაახლოებით სამთვიანი პაუზის შემდეგ, როჯერ ფედერერი პროფესიულ ტურში ტიტულით დაბრუნდა. შვეიცარიელმა შტუტგარტში ბალახის სეზონის პირველ ტურნირში მოახერხა გამარჯვება.

ფინალში ფედერერი კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდა, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 10:3-ს უგებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე ჩოგბურთელი კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და ბრეიკ-პოინტების მინიმალური რაოდენობა ვიხილეთ. პირველ სეტში ფედერერს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მესამე გეიმში ჰქონდა. შვეიცარიელმა ეს შანსი გამოიყენა და ბრეიკით დაწინაურდა. მომდევნო გეიმში რაონიჩმა ორი ბრეიკ-პოინტის მიღება შეძლო, მაგრამ უკუბრეიკი ვერ შეასრულა. ამის შემდეგ, არც ერთს და არც მეორეს ერთმანეთის გეიმების აღების შანსი აღარ მისცემიათ და მეორე სეტში ტაი-ბრეიკი დაინიშნა.

მე-13 გეიმი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა იქამდე, სანამ ფედერერმა 4:3-ზე ორი ქულა არ აიღო მეტოქის მოწოდებაზე და სამმაგი მატჩბოლი გაიფორმა. როჯერმა პირველივე ცდაზე შეძლო გამარჯვების ქულის აღება და კარიერაში 98-ე ტიტული მოიპოვა – 6:4, 7:6(3).

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის ძლევის შემდეგ, ფედერერმა რაფაელ ნადალს გაასწრო და მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა.