სამწლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს მესამე ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ტრიუმფით დაბრუნდა გრუნტის საფარზე. ლეგენდამ იოლად გაიარა პირველი ბარიერი მადრიდის მასტერსზე – 54 წუთში გაანადგურა ფრანგი რიშარ გასკე – 6:2, 6:3.
გასკე მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი გეიმების შენარჩუნებას, მაგრამ სამი ბრეიკ-პოინტის შანსი მაინც მისცა მეტოქეს. ფედერერმა სამივე გამოიყენა – ორჯერ პირველ სეტში და ერთხელ – მეორეში. როჯერის მოწოდებაზე კი გასკე ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე.
ეს ამ ჩოგბურთელთა მე-20 შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში და შვეიცარიელი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს – 18:2. როჯერს ზედიზედ 22 (!) სეტი აქვს მოგებული გამოცდილი ფრანგისთვის.
ფედერერისთვის ეს იყო პირველი მატჩი გრუნტის საფარზე 2016 წლის 12 მაისის შემდეგ. მერვედფინალში შვეიცარიელი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩსა და ფრანგ გაელ მონფილსს შორის მოგებულს შეხვდება.