მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მთელს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი ყოველ საათს იზრდება. ფედერერი შვეიცარიაში, საკუთარ სახლში მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, აღდგენით კურსს გადის. კორტზე დაბრუნებას ის ბალახის სეზონისთვის გეგმავდა. დღეისთვის, საჩოგბურთო სეზონი 7 ივნისამდეა შეჩერებული.
„მეც სახლში ვზივარ და უკვე დიდი ხანია, ხელს არავის ვართმევ. გარდა ამისა, ძალიან ხშირად ვიბან ხელებს, როგორც ეს რეკომენდებულია ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ.
მიმაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია დავეხმაროთ უფროს თაობას, რომელიც ამჟამად განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმით, რომ ორმეტრიანი დისტანცია დავიცვათ და ხელი არ ჩამოვართვათ.
ძალიან მნიშვნელოვანია, სერიოზულად მოვეკიდოთ ამ წესებს, ძალიან სერიოზულად. ჩვენ ყველას გვემუქრება კარანტინში ყოფნა, რომლის დროსაც ვერ შევძლებთ სახლიდან გამოსვლას, ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ ყველა სერიოზულად მოეკიდება ამ საკითხს“, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები Essentially Sports.