შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ ამ სეზონში პროფესიულ ტურში არ დაბრუნდება.
„ძვირფასო გულშემატკივრებო! იმედი მაქვს, ჯანმრთელად და უსაფრთხოდ ხართ. რამდენიმე კვირის წინ, არაეფექტური სარეაბილიტაციო პერიოდის გამო, იძულებული გავხდი, მარჯვენა მუხლზე დამატებითი ართროსკოპიული პროცედურა ჩამეტარებინა. ახლა, როგორც 2017 წლის დასაწყისში, დამჭირდება გარკვეული დრო, რათა ასი პროცენტით ვიყო მზად მაღალ დონეზე სათამაშოდ. მოვიწყენ გულშემატივრებისა და თამაშების გარეშე, მაგრამ მოუთმენლად ველოდები 2021 წლის დასაწყისს“, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა.
თებერვლის დასაწყისში ფედერერმა გამოაცხადა, რომ მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, ბალახის სეზონამდე ყველა ტურნირს გამოტოვებდა.