ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, „დიდი სლემის“ ტურნირების 19-გზის ჩემპიონმა, როჯერ ფედერერმა ისაუბრა, თუ როგორ პროგრესირებდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
„იყო დრო, როცა კორტზე ვახეთქებდი ჩოგნებს. ეს 16 წლის ასაკში ხდებოდა. მაშინ კორტიდანაც კი მაძევებდნენ. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ 17 წლისა ასაკში საჭირო იყო ჩემი ფსიქოლოგთან მიყვანა, რადგან კორტზე მრისხანებასა და ბრაზს ვერ ვაკონტროლებდი. ამ მომენტის შემდეგ, მუდმივად ვპროგრესირებდი. ყოველ ჯერზე, როცა ზეწოლას ვგრძნობ, ვფიქრობ იმ შრომაზე, რომელიც დღემდე გავწიე.
როცა 2004 წელს მსოფლიოს პირველი ჩოგანი გავხდი, სპორტიდან წასვლაზეც კი ვფიქრობდი. ყველაფერს მივაღწიე, რაც მსურდა. მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ შემიძლია თამაშის გაგრძელება, რადგან არავისთვის აღარაფერი მაქვს დასამტკიცებელი. ყველაფერი, რასაც შემდეგ მივაღწიე, ბონუსი იყო.
მეუბნებიან, რომ ძალიან ბევრს ვტირი მნიშვნელოვანი მოგებებისა თუ წაგებების შემდეგ. ზოგიერთი არც კი იღიმის მოგების შემდეგ, სხვებს კი ერთი კვირა არ შორდება ღიმილი. მე კი, უბრალოდ, საკუთარ თავს ტირილის უფლებას ვაძლევ. ვტირი იმის გამო, რომ მახსენდება მწვრთნელი, რომელიც მეუბნებოდა, რომ ვერაფერს მივაღწევდი. ასეთ მომენტებში ვფიქრობ იმაზე, თუ რა გავიღე მსხვერპლად. თუმცა, საერთო ჯამში, ამ ადამიანის მადლობელი უნდა ვიყო, რადგან მან მომცა მოტივაცია, განსაკუთრებით, კარიერის პირველ წლებში“, – განაცხადა ფედერერმა გაზეთ Blick-თან ინტერვიუში.