„როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთის სასამართლო 10 ივლისს გამოაცხადებს, რომ აია სოფიას მუზეუმად გადაკეთება უკანონო იყო
„როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთის სასამართლო 10 ივლისს გამოაცხადებს, რომ აია სოფიას მუზეუმად გადაკეთება უკანონო იყო

თურქეთის სასამართლო 10 ივლისს გამოაცხადებს, რომ აია სოფიას მუზეუმად გადაკეთება უკანონო იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას, „როიტერი“ თურქეთის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას გაუხსნის გზას.

​თურქეთის მთავრობის მხარდამჭერმა მიმომხილველმა, აბდულკადირ სელვიმ გაზეთ „ჰურიეთში“ დაწერა, რომ სასამართლომ 1934 წელს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების განაჩენი უკვე გამოიტანა და გადაწყვეტილება საჯარო 10 ივლისს გახდება.

„ამას ერი 86 წელი ელოდებოდა. სასამართლომ მოხსნა მთელი რიგი აკრძალვები აია სოფიაზე“, – დაწერა სელვიმ.

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. უშუალო საჩივარი სასამართლოში ადგილობრივმა ასოციაციამ წარადგინა, რომელიც ამტკიცებს, რომ აია სოფია ოსმალთა სულთნის, მეჰმედ მეორის საკუთრება იყო, რომელმაც კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ აია სოფიას ეკლესია მეჩეთად გადააკეთა. ასოციაცია ამტკიცებს, რომ 1934 წელს აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილება კერძო საკუთრების კანონის დარღვევაა.

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების საწინააღმდეგო პოზიცია გააჟღერეს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, ბართლომემ და რუსეთის პატრიარქმა კირილემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საბერძნეთის ხელისუფლებამ თურქეთის მთავრობას მოუწოდეს, რომ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი შეუნარჩუნდეს.

აია სოფია 916 წლის განმავლობაში ქრისტიანული ეკლესია იყო. 1453 წელს ოსმალთა იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, აია სოფია მეჩეთად გადაკეთდა. თურქეთის რესპუბლიკის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.