„როიტერი“ - კანადაში სატვირთოს შეჯახების შედეგად მუსლიმი ოჯახის ოთხი წევრის გარდაცვალება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად შეფასდა
„როიტერი“ - კანადაში სატვირთოს შეჯახების შედეგად მუსლიმი ოჯახის ოთხი წევრის გარდაცვალება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად შეფასდა

კანადაში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად მუსლიმი ოჯახის ოთხი წევრის გარდაცვალება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად შეფასდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა კანადის ონტარიოს პროვინციის ქალაქ ლონდონში 6 ივნისს მოხდა. სატვირთო მანქანა მუსლიმი ოჯახის ხუთ წევრს დაეჯახა. პოლიციის განცხადებით, ეს იყო წინასწარ განზრახული თავდასხმა. ოჯახის წევრებს შორის ერთადერთი გადარჩენილი ცხრა წლის ბიჭია, რომელიც სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თავდამსხმელი ადგილობრივი მცხოვრები, 20 წლის ნათანიელ ველტმანი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. პოლიციის ცნობით, დაკავებულს კრიმინალური ისტორია არ აქვს, თუმცა არის რადიკალური ჯგუფის წევრი.

„არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო სიძულვილით მოტივირებული, დაგეგმილი, წინასწარ განზრახული ქმედება. ჩვენ გვჯერა, რომ მსხვერპლი სამიზნე მათი მუსლიმური აღმსარებლობის გამო გახდა“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა, პოლ უეითმა.