ანდრეი სიბიგა – რუსეთის თამაშებში ჩართვის ნაცვლად, დროა, გავზარდოთ ზეწოლა რუსეთის რეჟიმზე, ვაიძულოთ პუტინი, სერიოზულად მოეკიდოს სამშვიდობო ძალისხმევას და დავასრულოთ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ

10:20, 16.11.2026

ჩვენ ეს ადრეც გვინახავს. 2007 წელი – მიუნხენში პუტინი ნატო-ს გაფართოებას „საფრთხეს“ უწოდებს. 2008 წელი – ბუქარესტში კრემლი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს პერსპექტივებთან დაკავშირებით მუქარას გამოთქვამს. რამდენიმე თვეში რუსეთი საქართველოში შეიჭრება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, 2021 წელს რუსეთმა ასევე მოითხოვა ნატო-ს გაფართოების დასრულება და 1997 წლის საზღვრებში დაბრუნება, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წესებით თამაშის ნაცვლად, მასზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.

„2021 წელი: მოსკოვი მოითხოვს ნატო-ს გაფართოების შეწყვეტას და 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას. რამდენიმე თვეში რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას იწყებს. ახლა იგივე ულტიმატუმი ახალი იარლიყით დაბრუნდა: „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“. ეს არ არის დიალოგისკენ მოწვევა. ისტორია გვიჩვენებს, რა მოჰყვება ამას: რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების ახალი ესკალაცია აგრესიული ფორმებით, მათ შორის აშკარა შეიარაღებული აგრესიით. რუსეთის თამაშებში ჩართვის ნაცვლად, დროა, გავზარდოთ ზეწოლა რუსეთის რეჟიმზე, ვაიძულოთ პუტინი, სერიოზულად მოეკიდოს სამშვიდობო ძალისხმევას და დავასრულოთ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მსგავსი