„როიტერი“ - იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ პრემიერ-მინისტრს ნდობა გამოუცხადა, თუმცა მარიო დრაგი თანამდებობას სავარაუდოდ მაინც დატოვებს
„როიტერი“ - იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ პრემიერ-მინისტრს ნდობა გამოუცხადა, თუმცა მარიო დრაგი თანამდებობას სავარაუდოდ მაინც დატოვებს

იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ ქვეყნის პრემიერს ნდობა გამოუცხადა, თუმცა კოალიციურ მთავრობაში ერთიანობის არარსებობის გამო, ის სავარაუდოდ მაინც გადადგება თანამდებობიდან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მარიო დრაგიმ პარლამენტის ზედა პალატაში ნდობის გამოცხადების შესახებ გამართულ კენჭისყრაზე 95 ხმა მიიღო 38-ის წინააღმდეგ, მაგრამ რამდენიმე მსხვილმა პარტიამ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რაც კოალიციურ მთავრობაში ერთიანობის არარსებობაზე მიუთითებს. როგორც „როიტერი“ წერს, საუბარია მმართველი კოალიციის პარტიებზე, რაც მიუთითებს ხელისუფლებაში პოლიტიკურ განხეთქილებაზე, რომელიც უკვე 18 თვეა, მიმდინარეობს. მედიის ცნობით, ვადამდელი არჩევნები სავარაუდოდ შემოდგომაზე გაიმართება.

„როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ დღეს პარლამენტის ქვედა პალატაში განაცხადებს გადადგომის შესახებ. შემდეგ ის აღნიშნულ გადაყვეტილებას წარუდგენს პრეზიდენტ მატარელას, რომელიც არჩევნებს გამოაცხადებს.

რამდენიმე დღის წინ იტალიის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა პრემიერს მიმართეს, უკან წაეღო გადაგომის მოთხოვნა. პრემიერის თქმით, უარს იტყოდა გადადგომაზე, თუ კოალიციაში ერთიანობა იქნებოდა.

სენატის წინაშე გამოსვლისას დრაგიმ ერთიანობისკენ მოუწოდა და დაასახელა იტალიის წინაშე მდგარი რიგი აქტუალური საკითხები, მათ შორის ომი უკრაინაში, სოციალური უთანასწორობა და ფასების მატება.

მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ განცხადება გასულ კვირას მას შემდეგ დაწერა, რაც „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და ამით მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.