„როიტერი“ - აშშ შეშფოთებულია, რომ ლიბიაში რუსი დაქირავებული მებრძოლების რაოდენობის ზრდით კონფლიქტი სულ უფრო სისხლიანი ხდება
„როიტერი“ - აშშ შეშფოთებულია, რომ ლიბიაში რუსი დაქირავებული მებრძოლების რაოდენობის ზრდით კონფლიქტი სულ უფრო სისხლიანი ხდება

ამერიკის შეერთებული შტატები ლიბიაში კონფლიქტის გამწვავებას ქვეყანაში რუსი დაქირავებული მებრძოლების რიცხვის ზრდას უკავშირებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განუცხადა. მისი თქმით, აშშ ძალიან შეშფოთებულია იმის გამო, რომ ლიბიაში კონფლიქტი სულ უფრო ინტენსიურ სახეს იღებს. როგორც სააგენტოს ანონიმური წყარო აღნიშნავს, გენერალ ხალიფა ჰაფთარის მხარდამჭერი რუსი დაქირავებული მებრძოლების მზარდი რაოდენობა კონფლიქტს უფრო სისხლიანს ხდის.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ კვლავ აღიარებს ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობას პრემიერ-მინისტრ ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით. მისი თქმით, ვაშინგტონი კონფლიქტის არც ერთ მხარეს მხარს არ უჭერს და მოლაპარაკებებს ყველა მხარესთან აწარმოებს, რომლებსაც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

ლიბიელი გენერალი ხალიფა ჰაფთარის „ლიბიის ეროვნული არმია“ აპრილიდან ტრიპოლიზე შეტევას აწარმოებს. როგორც დეკემბრის დასაწყისში ლიბიის საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, მისი ძალები დედაქალაქის აღებასთან ახლოს არიან. აღსანიშნავია, რომ გენერალ ხალიფა ჰაფთარს მხარს უჭერენ რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ბოლო წლების განმავლობაში ის არაერთხელ ჩავიდა მოსკოვში, სადაც თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან მოლაპარაკებები გამართა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი 2018 წლის ნოემბერში შედგა. შოიგუსა და ხალიფა ჰაფთარის ერთ-ერთ შეხვედრას ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინიც ესწრებოდა, რომელსაც ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიასთან აკავშირებენ.