„როიტერი“ - აშშ-ი ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი რამდენიმე ვენესუელელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ვაშინგტონი ეჭვობს, რომ რამდენიმე ვენესუელელი მაღალჩინოსანი ნიკოლას მადუროს სასარგებლოდ ფინანსურ მაქინაციებში არის გარეული.
როგორც ცნობილია, მაღალჩინოსნები ფულის გათეთრებისთვის საჭირო ოპერაციებს ვენესუელელი ხალხის საკვები პროდუქტით უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი პროგრამის საშუალებით ახორციელებენ.
„როიტერის“ ცნობით, ვენესუელელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე ფინანსთა და იუსტიციის დეპარტამენტები მუშაობენ.
გაერო-ს მონაცემებით, ვენესუელაში 30 მილიონ ადამიანს დაუყოვნებელი დახმარება სჭირდება. 3,7 მილიონი ვენესუელელი საკვები პროდუქტის დეფიციტს განიცდის. მათი 20 პროცენტი კი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან.