როგორ წარმოიქმნა ადრეულ სამყაროში გიგანტური შავი ხვრელები - მოულოდნელი აღმოჩენა
როგორ წარმოიქმნა ადრეულ სამყაროში გიგანტური შავი ხვრელები - მოულოდნელი აღმოჩენა

ბოლო წლებში, სამყაროს ძალიან შორეული წარსულის კვლევისას კოსმოლოგებმა რაღაც განსაკუთრებული აღმოაჩინეს. ეს გახლდათ მრავალი სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლებსაც იმ დროისთვის, სამყაროს ადრეულ დღეებში ასეთი მასის დაგროვება ვერ უნდა მოესწროთ.

გამოცანად რჩება, როგორ გახდნენ ისინი ასე სწრაფად ასე უზარმაზარი, მაგრამ ახალმა მოულოდნელმა აღმოჩენამ შესაძლოა, ამ კითხვას პასუხი გასცეს. მტვრისა და გაზის დისკო სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო ისე მოძრაობს, რომ მისგან მატერია ხვრელში იმაზე სწრაფად ჩაედინება, ვიდრე ეს ჩვეულებრივ უნდა ხდებოდეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მასას მოსალოდნელზე სწრაფად იზრდის, რაც თავის მხრივ კარგად ხსნის თუ რა მოხდა სამყაროს ადრეულ დღეებში.

ეს ანომალიური შავი ხვრელი განთავსებულია ჩვენგან 47 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა მესიე 77-ის (NGC 1068) შუაგულში.

ის სეიფერტის გალაქტიკაა, ანუ მის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელი აქტიურად ჭამს გარშემო არსებულ მატერიას.

ამის გამო, შავ ხვრელს გარს აკრავს უზარმაზარი, მბრუნავი „ფუნთუშა“ — ერთგვარი ღრუბელი, რომელიც სინათლის ხილულ ტალღის სიგრძეში ჩრდილავს შავ ხვრელსა და მასში ჩამავალი მატერიის თხელ დისკოს, რომელსაც აკრეციის დისკოს უწოდებენ. თუმცა, თუკი შავ ხვრელს რადიოდიაპაზონში შეხედავთ, გამოჩნდება უფრო მეტი დეტალი.

სწორედ ეს გააკეთა ასტრონომთა ჯგუფმა ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განთავსებული უმძლავრესი რადიოტელესკოპის, ALMA-ს გამოყენებით.

ამ ახალი ხედის წყალობით, მათ გაზომეს ტორუსის შიდა ორბიტაზე მოძრავი გაზის სიჩქარე და შედეგად, რაღაც მოულოდნელს მიაგნეს.

აშშ-ის ეროვნული რადიოასტრონომიის ობსერვატორიის ასტრონომის, ვიოლეტ იმპელიზერის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ გაზის ორი დისკო ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ბრუნავს.

მისი თქმით, უკუმიმართულებით მოძრავი გაზის ნაკადები არასტაბილურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ღრუბლები შავ ხვრელში იმაზე უფრო სწრაფად ჩაედინებიან, ვიდრე მხოლოდ ერთი მიმართულებით მბრუნავი დისკოდან. შესაძლოა, სწორედ ამ გზით შეუძლიათ შავ ხვრელებს სწრაფი ზრდა.

მესიე 77

გალაქტიკა მესიე 77-ის შუაგულში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელი, იგივე M77*, ჩვენს მზეზე დაახლოებით 15-მილიონჯერ მასიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოვლენათა ჰორიზონტის დიამეტრი 88 მილიონი კილომეტრია. თუმცა, მისი გრავიტაციული გავლენა გაცილებით შორს ვრცელდება.

ჯგუფის დაკვირვებათა შედეგად ირკვევა, რომ შავი ხვრელის გარშემო მოძრავი შიდა დისკო (რომელიც მასში დაახლოებით ისე ჩაედინება, როგორც წყალი დრენაჟში) შავი ხვრელიდან დაახლოებით 2 სინათლის წლის მანძილიდან იწყება და 4 სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება. ბრუნავს ერთი მიმართულებით.

თავად ტორუსი გაცილებით შორს ვრცელდება, 4-დან 22 სინათლის წლამდე. Ის საპირისპირო მიმართულებით ბრუნავს.

თუ ეს მექანიზმი სწორედ ისაა, რისი წყალობითაც შავი ხვრელები სწრაფად იზრდებიან, აღმოჩენა ნამდვილად ამაღელვებელია. თუმცა, აქვე ჩნდება კიდევ ერთი იდუმალება.

როგორც იმპელიზერი აღნიშნავს, ასეთი რამის ნახვას ისინი იქ ნამდვილად არ ელოდნენ, რადგან შავი ხვრელის გარშემო გაზი როგორც წესი, მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს. ნაკადს რაღაც უნდა ურევდეს, რადგან შეუძლებელია, ამ დისკოს ნაწილს საწინააღმდეგოდ ბრუნვა თავისით დაეწყო.

საწინააღმეგო მიმართულების დინებები სივრცეში სულაც არ არის უპრეცედენტო. თუმცა, საქმე ის არის, რომ როგორც წესი, ასეთი რამ შეიმჩნევა განსხვავებულ მასშტაბებში — გალაქტიკურ მასშტაბებში, სადაც საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა ხდება გალაქტიკის ცენტრიდან ათასობით სინათლის წლის მოშორებით.

აშშ-ის ბაკნელის უნივერსიტეტის ასტრონომის, ჯეკ გალიმორის განცხადებით, ორ გალაქტიკას შორის ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვა ყოველთვის შეჯახებით ან ურთიერთქმედებით სრულდება. მისი თქმით, ამ აღმოჩენაში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთი რამ გაცილებით მცირე მასშტაბებში ვიხილეთ, ცენტრალური შავი ხვრელიდან ათეულობით სინათლის წლის მანძილზე, ათასეულობით წლის დაშორების ნაცვლად.

მკვლევართა ჯგუფის აზრით, ყველაფერის მიზეზი უნდა იყოს გალაქტიკიდან ტორუსში საწინაღმდეგო მიმართულებით მბრუნავი მატერიის ჩადინება, ანდაც შემხვედრი, საწინააღმდეგო მიმართულებით მბრუნავი ჯუჯა გალაქტიკა, რომელიც შავმა ხვრელმა დაიჭირა და ჭამს. მიუხედავად იმისა, რომ ორბიტები ამჟამად სტაბილურია, ასეთი სიტუაცია სავარაუდოდ დროებითია.

ჯეკ გალიმორის თქმით, ყველაფერი შეიცვლება მაშინ, როდესაც გარე დისკო შიდა დისკოში ჩავარდნას დაიწყებს, რაც შეიძლება რამდენიმე ორბიტის, ანუ რამდენიმე ათასი წლის შემდეგ მოხდეს. გაზის მბრუნავი ნაკადები ერთმანეთს შეეჯახება და არასტაბილური გახდება, დისკო კი სავარაუდოდ კოლაფსირდება და მისი მოლეკულური გაზი შავ ხვრელში ჩავარდება — მოვლენა უკიდურესად კაშკაშა იქნება.

სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ შთამბეჭდავ მოვლენას ვეღარ მოვესწრებით.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია public.nrao.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.