როგორ თამაშდება ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პარიზის ოლიმპიადის საგზურები #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ, პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურები თამაშდება. 2024 წელს ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირში 16 ნაკრები ითამაშებს, აქედან ევროპას ოთხი გუნდი ეყოლება. ამ ოთხიდან ერთი გუნდი ცნობილია – მასპინძელი საფრანგეთი. ასე რომ, ევრო 2023-ზე თამაშდება ოლიმპიადის სამი საგზური.
შესაბამისად, ოლიმპიადის საგზურის მისაღებად საჭიროა პირველი სამი ადგილიდან ერთ-ერთის დაკავება (არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, საკმარისია მეოთხედფინალში გასვლა, ოღონდ ამაზე ქვემოთ).
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშობს ინგლისის ნაკრები, მაგრამ ის ვერ მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. იმიტომ, რომ ასეთი უფლება მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრს აქვს – დიდ ბრიტანეთს და არა ინგლისს.
შესაბამისად, საფრანგეთი და ინგლისი ოლიმპიადის საგზურისთვის არ იბრძვიან. აქედან გამომდინარე, ევრო 2023-ზე არის რამდენიმე ვარიანტი ევროპიდან ოლიმპიადის ფინალისტის გამოსავლენად:
- თუ საფრანგეთიდან და ინგლისიდან მხოლოდ ერთი გავა ნახევარფინალში, ოლიმპიადაზე მოხვდება დანარჩენი სამი ნახევარფინალისტი;
- თუ ნახევარფინალში ვერ მოხვდება ვერც საფრანგეთი და ვერც ინგლისი, გაიმართება მე-3 ადგილისთვის მატჩი ნახევარფინალებში დამარცხებულებს შორის;
- თუ ნახევარფინალში ერთდროულად გავლენ საფრანგეთი და ინგლისი, გაიმართება დამატებითი მატჩი ოლიმპიური საგზურისთვის მეოთხედფინალში დამარცხებულთაგან საუკეთესო გუნდებს შორის.
ორი საუკეთესო გუნდი წაგებული მეოთხედფინალისტებიდან აირჩევა შემდეგი კრიტერიუმებით:
- საუკეთესო პოზიცია ჯგუფში;
- ქულების მეტი რაოდენობა ჯგუფში;
- ბურთების უკეთესი სხვაობა ჯგუფში;
- გატანილი გოლების მეტი რაოდენობა ჯგუფში;
- ბურთების უკეთესი სხვაობა მეოთხედფინალურ მატჩში (ძირითადი დრო);
- გატანილი გოლების მეტი რაოდენობა მეოთხედფინალურ მატჩში (ძირითადი დრო);
- დისციპლინარული მახასიათებლები;
- საუკეთესო პოზიცია უეფა-ს რეიტინგში.
პოტენციური დამატებითი მატჩი ოლიმპიური საგზურისთვის 7 ან 8 ივლისს გაიმართება ბუქარესტში.