როგორ მშობიარობენ მამრი ცხენთევზები — უნიკალური პროცესი მეცნიერებმა დეტალებში შეისწავლეს #1tvმეცნიერება
როგორ მშობიარობენ მამრი ცხენთევზები — უნიკალური პროცესი მეცნიერებმა დეტალებში შეისწავლეს #1tvმეცნიერება

ზღვის ცხენთევზებსა და ნემსთევზებში მამრები ფეხმძიმდებიან და ნაშიერებს შობენ. მამა ზღვის ცხენთევზები განვითარებად ემბრიონებს კუდთან არსებულ პარკუჭში ზრდიან.

ეს პარკუჭი მდედრი ძუძუმწოვრების საშვილოსნოს ეკვივალენტია. შეიცავს პლაცენტას, რაც ჩვილი ცხენთევზების ზრდასა და განვითარებას უზრუნველყოფს.

მაკეობის დროს, მამა ცხენთევზები ნაყოფს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით უზრუნველყოფენ, რისთვისაც გარკვეულწილად იმავე გენეტიკურ ინსტრუქციებს იყენებენ, რასაც ძუძუმწოვრები მაკეობისას.

თუმცა, როგორც სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, როცა საქმე მშობიარობას ეხება, საქმის გასაადვილებლად, მამრი ცხენთევზები ეყრდნობიან დახვეწილ ქცევებს და საკუთარი სხეულის უნიკალურ სტრუქტურას.

როგორ მშობიარობენ ცხოველები

მშობიარობა კომპლექსური ბიოლოგიური პროცესია, რომელსაც მაკე მდედრ ცხოველებში ჰორმონები, მათ შორის ოქსიტოცინი აკონტროლებს. ძუძუმწოვრებსა და ქვეწარმავლებში, ოქსიტოცინი იწვევს საშვილოსნოს გლუვი კუნთების შეკუმშვას.

არსებობს კუნთის სამი ძირითადი ტიპი: გლუვი კუნთი, ჩონჩხის კუნთი (განივზოლიანი კუნთი) და გულის კუნთი (მიოკარდიუმი).

გლუვი კუნთი უმეტესი შინაგანი ორგანოსა და სისხლძარღვების კედლებში გვხვდება. ამ ტიპის კუნთები ცნობიერი კონტროლის ქვეშ არ არის. მაგალითად, თქვენი ნაწლავები გლუვი კუნთისგან შედგება, რომელიც რიტმულად იკუმშება, რათა ნაწლავში საკვები ყოველგვარი ცნობიერი კონტროლის გარეშე გადააადგილოს.

ჩონჩხის კუნთები მთელ სხეულში გვხვდება, ძვლებთან მყესებით არის მიბმული და სხეულს მოძრაობის საშუალებას აძლევს. ამ ტიპის კუნთები ცნობიერი კონტროლის ქვეშაა. მაგალითად, როდესაც თქვენი ბიცეფსი კუნთები იკუმშება, მკლავს ცნობიერად ხრით.

გულის კუნთი მხოლოდ გულში გვხვდება და ასევე არ იმყოფება ცნობიერი კონტროლის ქვეშ.

მდედრ ძუძუმწოვრებში, საშვილოსნოს კედლები უხვად შეიცავს გლუვ კუნთს. მის შეკუმშვას ოქსიტოცინი ასტიმულირებს და მშობიარობაში ეხმარება.

საშვილოსნოს ასე შეკუმშვა სპონტანური და უნებურია. ოქსიტოცინის საპასუხო ამ შეკუმშვის გაზომვა შესაძლებელია; შედეგები თანმიმდევრულია როგორც ძუძუმწოვრებში, ასევე ქვეწარმავლებში.

როგორ მშობიარობენ მამრი ცხენთევზები?

სიდნეისა და ნიუკასლის უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფმა განიზრახა დაედგინა, როგორ ხდება მშობიარობა მამრ ზღვის ცხენთევზებში.

გენეტიკური მონაცემები მიუთითებდა, რომ ცხენთევზების მშობიარობა შეიძლება ისეთივე პროცესი ყოფილიყო, როგორიც მდედრ ძუძუმწოვრებში.

1970 წელს ჩატარებული ერთი კვლევა ასევე აჩვენებდა, რომ როდესაც არაფეხმძიმე მამრი ცხენთევზები ოქსიტოცინის თევზის ვერსიით (იზოტიცინი) დაამუშავეს, მათ მშობიარობის მსგავსი ქცევები გამოხატეს.

გამომდინარე აქედან, მკვლევართა ჯგუფი პროგნოზირებდა, რომ მამრი ცხენთევზები ოქსიტოცინის ოჯახის ჰორმონებს უნდა იყენებდნენ მშობიარობის პროცესის საკონტროლებლად, სანაყოფე პარკუჭის გლუვი კუნთების შეკუმშვის გზით.

რა დაადგინეს მკვლევრებმა

პირველ რიგში, მკვლევრებმა ცხენთევზის პარკუჭის ნაწილები იზოტიცინით დაამუშავეს. მიუხედავად იმისა, რომ იზოტიცინმა გამოიწვია საკონტროლო ქსოვილების (ნაწლავის) შეკუმშვა, ამ ჰორმონმა არ განაპირობა შეკუმშვები სანაყოფე პარკუჭში.

ასეთმა შედეგმა, ჯგუფს პარკუჭის ანატომიის შესწავლის სურვილი გაუჩინა. როდესაც ის მიკროსკოპით შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ შეიცავდა გლუვი კუნთის მხოლოდ პატარა, მიმოფანტულ ხვეულებს, გაცილებით ნაკლებს, ვიდრე მდედრი ძუძუმწოვრის საშვილოსნო. სწორედ ეს ხსნის, თუ რატომ არ შეიკუმშა საშვილოსნო მათ ექსპერიმენტში.

ამის შემდეგ, მიკროსკოპთან ერთად 3D ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით, ერთმანეთს შეადარეს მდედრი და მამრი ცხენთევზების სხეულის სტრუქტურა.

მამრებში აღმოაჩინეს პარკუჭის გასახსნელთან განლაგებული სამი ძვალი, რომლებიც დიდ ჩონჩხის კუნთებთან არის დაკავშირებული.

ამ ტიპის ძვლები და კუნთები თევზის სხვა სახეობებში ანალურ ფარფლს აკონტროლებენ. ზღვის ცხენთევზებში ანალური ფარფლი მინიატურულია და ცურვისას ან ძალიან მცირე ფუნქცია აქვს, ან საერთოდ არაფერი.

შესაბამისად, ციცქნა ცხენთევზების ფარფლთან დაკავშირებული დიდი კუნთები მოულოდნელობა აღმოჩნდა. ანალური ფერფლის კუნთები და ძვლები მამრ ცხენთევზებში გაცილებით დიდია, ვიდრე მდედრებში; მათი განლაგება კი მიუთითებს, რომ ისინი პარკუჭის შესასვლელს უნდა აკონტროლებდნენ.

მინიშნებას შეიცავს ცხენთევზების საარშიყო ქცევა

ცხენთევზების არშიყობა დახვეწილი პროცესია. სხეულის მოხრის და გაშლის გზით, მამრები პარკუჭს ხსნიან და წყლით ავსებენ, შემდეგ კი მდედრებთან „ცეკვას“ იწყებენ.

მშობიარობის დროსაც, მამრი ცხენთევზები სხეულს კუდისკენ ხრიან, იძაბებიან და შემდეგ დუნდებიან.

„დაძაბვის“ ამ ქცევას თან ახლავს პარკუჭის შესასვლელის უეცარი გახსნა და მთელი სხეულის კანკალის სერიები.

ამ მოძრაობათა შედეგად, ზღვის წყალი პარკუჭში შედის.

ცახცახი და დაძაბვა გრძელდება, პარკუჭის შესასვლელი თანდათან დიდდება და თითოეული მოძრაობისას შიგნიდან გამოიტყორცნებიან ახალშობილი ცხენთევზები. საკმაოდ მოკლე დროში ხდება მრავალი ასეული ახალშობილის გამოტყორცნა.

ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ არშიყობისთვის და მშობიარობისთვის პარკუჭის გახსნას აადვილებს პარკუჭის შესასვლელთან ახლომდებარე ჩონჩხის დიდი კუნთების შეკუმშვები.

მკვლევართა ვარაუდით, ეს კუნთები აკონტროლებს ცხენთევზების პარკუჭის შესასვლელს, რაც მამა ცხენთევზებს მაკეობის დასასრულს ახალშობილთა დაყრის შეგნებულად კონტროლის საშუალებას აძლევს.

სამომავლო ბიოსამედიცინო და ელექტროფიზიოლოგიური კვლევებია საჭირო ამ კუნთების შეკუმშვისათვის საჭირო ძალის შესასწავლად და იმის შესამოწმებლად, აკონტროლებენ თუ არა ისინი პარკუჭის შესასვლელს.

პრობლემის გადაჭრის განსხვავებული გზები

ასეთი მოულოდნელი შედეგები მიუთითებს, რომ მამრი ცხენთევზები მშობიარობისთვის მდედრი მაკე ცხოველებისგან განსხვავებულ მექანიზმებს იყენებენ.

მკვლევართა ვარაუდით, ოქსიტოცინის ოჯახის ჰორმონები, ზღვის ცხენთევზებში ძირითადად გლუვი კუნთების შეკუმშვის ნაცვლად, იწვევს ქცევათა მთელ კასკადს, რასაც ისინი მშობიარობამდე მიჰყავს.

მიუხედავად იმ მსგავსებებისა, რაც მამრ ზღვის ცხენთევზებს მაკეობის დროს მდედრ ძუძუმწოვრებთან და ქვეწარმავლებთან აქვთ, როგორც ჩანს, მათ მშობიარობის უნიკალური მეთოდი გააჩნიათ.

კვლევა Placenta-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.