როდოლფო ვანოლი - ეროვნული ლიგა საინტერესო და რთული ჩემპიონატია #1TVSPORT
„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელმა, როდოლფო ვანოლიმ საწყის ტურებში გუნდის გამოსვლა შეაფასა და ეროვნულ ლიგის შესახებაც ისაუბრა.
„ბედნიერი ვარ სეზონში მოპოვებული პირველი გამარჯვებით. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ვულოცავ, ამ გამარჯვებას ფეხბურთელებს, კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს. წაგებას გასულ ტურში „დინამოს თბილისთანაც“ არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია – სიხარულთან ერთად, გულისწყვეტაც თან ახლავს. მიხარია რომ, რეაბილიტაცია შევძელით და გულშემატკივრები გავახარეთ.
ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, სტარტი ყოველთვის რთულია, კარგად ვერც ბოლო შეხვედრა დავიწყეთ, გოლი დებიუტშივე მივიღეთ და მდევრის როლში აღმოვჩნდით. ბედნიერი ვარ, რომ ბიჭები არ გატყდნენ, მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და თამაშის შემოტრიალება შეძლეს. კარგი გოლები გავიტანეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხიც თანდათან გაუმჯობესდება, გუნდი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება.
ეროვნული ლიგა საკმაოდ საინტერესო და რთული ჩემპიონატია. ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის. რამდენემიე დღის წინ „ტორპედოსა“ და „თელავის“ მატჩს დავესწარი, სადაც ფავორიტად ქუთაისური გუნდი ითვლებოდა, მაგრამ გამარჯვება მოწინააღმდეგეს დარჩა. მოდუნებას არავინ გვაპატიებს, „დინამოსთან“ ბოლო წუთებზე სწორედ ეს მოხდა, კონცენტრაცია დავკარგეთ და გოლი მივიღეთ. ბოლო წამებამდე უნდა ვიბრძოლოთ და თითოეულ მატჩში ძლიერი მენტალიტეტი გამოვავლინოთ. ხვალიდან მომდევნო მატჩისთვის მოვემზადებით და ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გავახაროთ“.