რობერტო ბაჯოს კვარაცხელია მოსწონს, ფაბიო კანავარო კი ხვიჩას თამაშის გამარტივებას ურჩევს #1TVSPORT
რობერტო ბაჯოს კვარაცხელია მოსწონს, ფაბიო კანავარო კი ხვიჩას თამაშის გამარტივებას ურჩევს #1TVSPORT

პოპულარული იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონის დაწყებამდე „სკუადრა აძურას“ ორ ლეგენდას, რობერტო ბაჯოსა და ფაბიო კანავაროს ესაუბრა. ორივე მათგანმა კომენტარის დროს „ნაპოლის“ ქართველი შემტევსა და გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

რობერტო ბაჯო – „ნაპოლიმ“ გამორჩეული ტალანტები აღმოაჩინა

„მე „ნაპოლის“ წარმატებამ ძალიან გამახარა, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ეს გუნდმა და მისმა ქომაგებმა დაიმსახურეს. „ნაპოლიმ“ აღმოაჩინა ისეთი გამორჩეული ტალანტები, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, კიმ მინ-ჯე და სხვები არიან. ეს შესანიშნავი გუნდია, რომელმაც ჩემპიონობა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. იტალიური ფეხბურთისთვისაა სასარგებლო, რომ განსხვავებული სტილის ჩემპიონი გვყავს. დე ლაურენტისი და მისი სტაფი ქებას იმსახურებენ, რადგან შედარებით მცირე რესურსით შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბეს“.

ფაბიო კანავარო – კვარაცხელიას ვურჩევ, თამაში გაამარტივოს

„მან უნდა ისწავლოს იქიდან, რაც სეზონის ბოლო ნაწილში მოხდა და შემდგომი ხარისხობრივი ნახტომისთვის თამაში გაამარტივოს. ქართველის ფეხბურთი რომ გაიცნეს, მის წინააღმდეგ ყურადღება გააორმაგეს და სულ უფრო და უფრო მჭიდროდ ეთამაშებოდნენ. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო, ჯიუტად ცდილობდე დრიბლინგით თამაშს, რასაც საბოლოოდ ბურთის დაკარგვა მოჰყვება. ჯობია, უბრალო პასი გააკეთო და მერე გაიხსნა. თუ ამას კარგად შეასრულებს, გადამწყვეტ ნახტომს გააკეთებს. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა“.