რობერტ ფიცო - ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს უკრაინაში სწრაფი მშვიდობა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ბუდაპეშტში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რაც შეიძლება მალე გაიმართოს
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ბუდაპეშტში ჯერ შეთანხმებული არ არის და უკვე არსებობს იმის აშკარა მტკიცებულება, რომ სამიტის თავიდან აცილებას ნებისმიერ ფასად ცდილობენ, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ეს ძალიან სამწუხაროა.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ამ ქვეყნის გავლით ფრენის დროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, დააკავონ, ხოლო ევროკავშირის მედია უნგრეთს მოუწოდებს, საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი აღასრულოს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ევროკავშირი საომარ კაბინეტად გადაიქცა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინაში ომს იმ გულუბრყვილო რწმენით, რომ ამ გზით რუსეთის დასუსტება და დამარცხებაც კი შესაძლებელია“, – წერს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
ამასთან, რობერტ ფიცოს განცხადებით, თუ ევროკავშირს ომის დასრულება მართლა სურს, ტრამპი-პუტინის სამიტის ხელშესაწყობად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს უკრაინაში სწრაფი მშვიდობა, რისიც მე არ მჯერა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრა ბუდაპეშტში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და რაც შეიძლება მალე გაიმართოს“, – აღნიშნავს რობერტ ფიცო.
ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ არ გამორიცხა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თუ უნგრეთში გამგზავრების დროს მისი ქვეყნის საჰაერო სივრცეს გადაკვეთდა, პოლონეთი თვითმფრინავის იძულებით დაშვებას მოითხოვდა. როგორც სიკორსკიმ განმარტა, არ აქვს გარანტია, რომ პოლონეთის დამოუკიდებელი სასამართლო არ დაავალდებულებს ქვეყნის ხელისუფლებას, დააკავოს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ვლადიმერ პუტინი იქნება. მოგვიანებით კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი-პუტინის სამიტი უახლოეს მომავალში აღარ იგეგმება.