რიში სუნაკმა ბოდიში მოუხადა ლგბტქი თემის წარმომადგენლებს, რომლებსაც წლების წინ ჯარში სამსახური აუკრძალეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ბოდიში მოუხადა ლგბტქი თემის წარმომადგენლებს, რომლებსაც წლების წინ ჯარში სამსახური აუკრძალეს. ამის შესახებ განცხადება რიში სუნაკმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სხდომაზე გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში ლგბტქი თემის წარმომადგენელთა მიმართ მოპყრობას იმ პერიოდში, როდესაც ჯარში მათი სამსახური აკრძალული იყო.
„ლგბტქი ადამიანების შეიარაღებულ ძალებში სამსახური 2000 წლამდე აკრძალული იყო, რაც წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს დიდ შეცდომას. როგორც დღევანდელ ანგარიშშია აღნიშნული, იმ პერიოდში ბევრმა გადაიტანა ყველაზე საშინელი სექსუალური ძალადობა, ჰომოფობიური ჩაგვრა და შევიწროება. ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც ეს ადამიანები მამაცურად ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას. დღეს ბრიტანეთის სახელმწიფოს სახელით ბოდიშს ვიხდი და იმედი მაქვს, ყველა დაზარალებული იგრძნობს თავს ვეტერანების იმ ოჯახის ამაყ წევრად, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სუნაკმა.
„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ 2000 წლამდე დიდ ბრიტანეთში გეი პირებს ბრიტანეთის არმიაში სამსახური ეკრძალებოდათ. როგორც დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, ამ აკრძალვის შედეგად, სულ მცირე, 1 145 ადამიანი დაითხოვეს ჯარიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ლგბტქი თემის წარმომადგენლები იყვნენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბევრ მათგანს ჩაუტარდა იძულებითი ინვაზიური სამედიცინო გამოკვლევა, პოლიცია მათ წინააღმდეგ გამოძიებას ატარებდა, ზოგიერთი კი სექსუალური ორიენტაციის გამო ციხეშიც კი მოხვდა.
ამასთან, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის გამო, მათ ჩამოართვეს ყველა სამხედრო ჯილდო, ისინი ვერ იღებდნენ ვეტერანთა პენსიას. ანგარიშის ავტორები რეკომენდაციას აძლევენ ბრიტანეთის ხელისუფლებას, აღუდგინონ ამ ადამიანებს დამსახურებული ჯილდოები და მისცენ საშუალება, მიიღონ პენსია.