რიკოთზე თხევადი აირით დატვირთულ ავტომობილს კვლავ ცეცხლი უკიდია - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ავარიას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა, თხევადი აირით დატვირთულ მანქანას კვლავ ცეცხლი უკიდია. არსებობს მისი აფეთქების საფრთხე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსის ვლადიმერ ჯღამაძის განცხადებით, ამჟამად ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

მაშველები ცეცხლმოკიდებულ ავტომობილს ვერ უახლოვდებიან. უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე რესტორან „ედემიდან“ ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება.

რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ხევში, გზის სავალ ნაწილზე მოძრავ თხევადი აირით დატვირთულ სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი დაახლოებით 18:00 საათზე მოეკიდა.

მომხდარის გამო, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნაცვლად, მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე გადაერთო.