რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილის აფეთქების საფრთხე არსებობს [ფოტოები]
რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილის აფეთქების საფრთხე არსებობს [ფოტოები]

რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ავარიას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა, აფეთქების საფრთხე არსებობს, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯღამაძემ განუცხადა.

მაშველები ცეცხლმოკიდებულ ავტომობილს ვერ უახლოვდებიან. უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე რესტორან „ედემიდან“ ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება.

რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ხევში, გზის სავალ ნაწილზე მოძრავ თხევადი აირით დატვირთულ სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი დაახლოებით 18:00 საათზე მოეკიდა.

მომხდარის გამო, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნაცვლად, მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე გადაერთო.