რევაზ ნადარაია – გაუგებარია, რა გარემოებების დადგენაში უნდა დაეხმაროს სასამართლოს სააკაშვილის და ხაბეიშვილის სხდომაზე დასწრება, პლენუმმა საქმეზე რაიმე შემხებლობა თეორიულ დონეზეც ვერ დაინახა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დასწრება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას თქმით, აღნიშნული პირების დასწრების აუცილებლობა არ არსებობს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ადგილზე თათბირით ადგენს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა იმ მტკიცებულებებით, რაც მან მიუთითა, არ დაკმაყოფილდეს. ბუნდოვანია, საერთოდ გაუგებარია, რა გარემოებების დადგენაში უნდა დაეხმაროს სასამართლოს მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით ის მტკიცებულებები, რაზეც მიუთითა ქალბატონმა ანა წითლიძემ? რაიმე შემხებლობა განსახილველ საქმესთან თეორიულ დონეზეც ვერ დავინახეთ. აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობა არ კმაყოფილდება“, – განაცხადა ნადარაიამ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
ამავე სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დასწრება მოითხოვა.