რევაზ გოცირიძე - „ლოკომოტივისთვის“ სეზონი ლოგიკურად დასრულდა, კარგი გამოცდილება მივიღეთ #1TVSPORT
რევაზ გოცირიძე - „ლოკომოტივისთვის“ სეზონი ლოგიკურად დასრულდა, კარგი გამოცდილება მივიღეთ #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ განვლილი სეზონი შეაჯამა, სადაც მისმა გაწვრთნილებმა ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი პლეიაუტში „რუსთავთან“ გამარჯვებით (ორი მატჩის ჯამში 7:4) შეინარჩუნეს.

„გუნდმა მესამე და მეოთხე წრე ნორმალურად ჩაატარა. უკეთეს და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. იმ მძიმე ვითარებიდან ამოვედით, რასაც გათამაშებაში ბოლო ადგილი ჰქვია, საბოლოოდ, პლეიაუტით ლიგაში დავრჩით.

„რუსთავთან“ დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შევინარჩუნეთ. უბრალოდ, მეორე თამაშში ბოლო 10 წუთი მოვდუნდით, ანგარიში 3:1 იყო ჩვენ სასარგებლოდ და საბოლოოდ დავმარცხდით, რაც ძალიან არასასიამოვნო იყო. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, თამაში ბოლომდე უნდა მიიყვანო, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სჩვევიათ, თამაში დასრულებულად ნაადრევად ეგონოთ.

ეს კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის. მინდა, რომ ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. ვფიქრობ, წლევანდელი სეზონი ლოგიკურად დასრულდა“, – ამბობს „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი.