რევაზ დავითაძის 351 კგ და მეხუთე ადგილი ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე
ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ქართველმა იასპარეზა. რევაზ დავითაძემ, რომელიც A ჯგუფში გამოდიოდა, ორი მოძრაობის ჯამში 351 კგ დააგროვა და საბოლოოდ ორჭიდში მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ატაცში დავითაძემ თავიდანვე შეკვეთილი 160 კგ მხოლოდ მესამე ცდაზე დაძლია. მან პირველი ცდა ვერ გამოიყენა, მეორეზე კი დრო არ ეყო. საბოლოოდ, ეს დისციპლინა რევაზ დავითაძემ მეხუთე ადგილზე დაასრულა, გამარჯვებული კი 175 კილოგრამით ჩილელი – ერლი მენდეს პერესი გახდა.
რაც შეეხება მეორე დისციპლინას, აკვრა რევაზ დავითაძემ 182 კილოგრამით დაიწყო და წარმატებითაც. მეორე ცდაზე 190 კგ-ს ვერ გაუმკლავდა, მესამეზე კი 19 წლის ქართველმა ძალოსანმა ერთი კილოგრამით მეტი – 191 დაიმორჩილა, რითაც ამ დისციპლინაში მე-11 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება გამარჯვებულს, აკვრაშიც ჩილელი ძალოსანი გამოირჩა. მენდეს პერესმა 203 კილოგრამი ასწია და აკვრასთან ერთად, ჯამში დაგროვებული 278 კილოგრამით, ორჭიდის ოქროს მედალსაც დაეუფლა.
ჩემპიონატის დასრულებამდე „ქონვენშენ ცენტრში“ საქართველოს სახელით კიდევ ორი სპორტსმენი იასპარეზებს. 5 დეკემბერს, თბილისის დროით დილის 08:00 საათზე ტურნირში ანასტასია გოტფრიდი ჩაერთვება. ასპარეზობა კი 6 დეკემბერს, დილით მძიმეწონოსანთა გამოსვლით დასრულდება, სადაც ტიტულის დაცვას ლაშა ტალახაძე შეეცდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი მედალი უკვე აქვს. 62 კგ წონით კატეგორიაში ატაცის ბრინჯაოს მედალს შოთა მიშველიძე დაეუფლა.