დღეს თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელის, რევაზ ჩელებაძის დაბადების დღეა – ფეხბურთელს, რომელიც გულშემატკივრებმა სიყვარულით „ჩელე-პელედ“ მონათლეს, 67 წელი შეუსრულდა.
რევაზ ჩელებაძე სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, ბათუმის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980) და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1980). საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1976). იყო ქობულეთის „შუქურას“ მფლობელი და პრეზიდენტი.
საკლუბო კარიერა
თამაში 1973 წელს, ქობულეთის ბავშვთა და მოზარდთა სპორტსკოლაში, მწვრთნელ ვალერიან ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. 1972–1973 წლებში ქობულეთის „შუქურაში“ გამოდიოდა, 1974–1975 წლებში ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, თბილისის „დინამოში“ კი – 1976 წლიდან.
1976 წლის 3 სექტემბერს „დინამო“ საბჭოთა კავშირის თასს დაეუფლა, როდესაც გუნდის ისტორიაში ხუთი (1936, 1937, 1946, 1960, 1970) უიღბლო სათასო ფინალის შემდეგ, თბილისელებმა, თავის მეექვსე ფინალში 70-იანი წლების საბჭოთა ფეხბურთის საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდი და პრინციპული მოწინააღმდეგე, ერევნის „არარატი“ დაამარცხეს და პირველად დაისაკუთრეს ბროლის თასი. „დინამოელთა“ ახალბედა თავდამსხმელმა მატჩის 68-ე წუთზე, დავით ყიფიანისა და ფირუზ კანთელაძის მიერ გატანილ ორ გოლს, კიდევ ერთი გოლი დაამატა და ამ ისტორიული შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 1979 წელს მეორედ დაეუფლა საკავშირო თასს.
1982 წელს თბილისის „დინამოდან“ მცირე ხნით, იმ დროს, მეორე ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურიაში“ გადავიდა, ხოლო 1983–1985 წლებში კვლავ ბათუმის „დინამოში“ გააგრძელა თამაში, რის შემდეგ ისევ დედაქალაქის გუნდს დაუბრუნდა. სათამაშო კარიერას აქვე, 1987 წელს ამთავრებს.
რევაზ ჩელებაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 122 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ევროპულ ტურნირებზე კი 14 შეხვედრაში 3 ბურთი გაიტანა, აქედან 9 შეხვედრა – თასების მფლობელთა თასის, ხოლო 5 – უეფა-ს თასის გათამაშებაში. 1977–1980 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 7 შეხვედრაში 3 ბურთი გაიტანა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ იყო ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი 1990–1994, 1995 და 1996 (ივნისიდან ივლისამდე). ქობულეთის „შუქურას“ პრეზიდენტი, რუსთავის „მეტალურგის“ პრეზიდენტი (1996–1997), საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 1995 წელს ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა.
ამჟამად მუშაობს საფეხბურთო აგენტად და ცდილობს დაეხმაროს ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს.
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად – რევაზ ჩელებაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. 2012 წლის 25 სექტემბერს ქობულეთში მისი სახელობის სტადიონი „ჩელე არენა“ გაიხსნა.