რევაზ არველაძე ტექბოლის ფედერაციის პრეზიდენტია - სახეობა პოპულარული ხდება და გვინდა, საქართველოშიც განვითარდეს #1TVSPORT
საქართველოს ტექბოლის ფედერაციის პრეზიდენტმა, რევაზ არველაძემ 35-ე საფეხბურთო სკოლაში გამართულ პრეზენტაციაზე ამ სახეობის მომავალსა და გეგმბზე ილაპარაკა.
„როდესაც ასეთი წინადადება გამოჩნდა, რომ გვერდში დავდგომოდი და სათავეში ჩავდგომოდი, ბევრი არ მიფიქრია, იდეა საინტერესოდ მომეჩვენა. ეს სახეობა დღეს მსოფლიოში პოპულარულია და სურთ, რომ ოლიმპიურ სახეობად აღიარონ. მას ბევრი ცნობილი მიმდევარი ჰყავს, პროფესიულ კლუბებს ბაზაზე აქვთ, ფეხბურთელები სახლში ვარჯიშობენ და ტექნიკაზე ვარჯიშობენ. ეს სახეობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ჩვენც გვინდა, რომ საქართველოშიც განვითარდეს. ამავე დროს, ჩვენს კლუბებს და ფეხბურთელებს გამოადგებათ“, – ამბობს რევაზ არველაძე.
მან საქართველოში ამ სახეობის პერსპექტივაზე ილაპრაკა: „ჩვენ საერთაშორისო ტექბოლის ფედერაციის წევრი 2018 წელს გავხდით. სახეობა ძალიან საინტერესოდ და პერსპექტიულად მეჩვენება. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტშიც შევიდა განაცხადი, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშებში შეიტანონ. ვთვლი, რომ ჩვენი გუნდების, სკოლებისა და მოთამაშეებისთვის საინტერესო იქნება, რომ ცალკე სახეობად განვითარდეს“.
არველაძის განცხადებით, გუნდებს ტექბოლის სათამაშო მაგიდები კონკრეტული პირობებით გადასცეს: „პირობა ელემენტარულია – სახეობაში თავისი აქტივობების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში განათავსონ. მნიშვნელოვანია, რომ ეს სახეობა ცალკე განვითარდეს, საქართველოს ნაკრები უნდა ჩამოყალიბდეს და საკლუბო ჩემპიონატის განვითარებას ხელი შევუწყოთ. ჩვენთან ჯერ დათო თარგამაძე ჩაერთო, იმედი მაქვს, ბევრი ცნობილი მოთამაშე ჩაერთვება“.