საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ არველაძე - შეიძლება მეორე ნომრად ითამაშო და მოიგო #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ არველაძე - შეიძლება მეორე ნომრად ითამაშო და მოიგო #1TVSPORT

დღეს, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ სტუმრად ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ არველაძე იყო მიწვეული, რომელმაც საქართველოს ნაკრების ბოსნიაში თამაში შეაფასა. თუმცა, მანამდე უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ტელევიზიით გამოსვლის საშუალება არ მქონია – ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ეს ენით აღუწერელი აგრესია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ეს ამბავი ჩვენს რეგიონში ხდება და ჩვენთვისაც ძალიან საშიშია. ჩემი სოლიდარობა მინდა გამოვხატო უკრაინელი ხალხისადმი, ასევე იმ ქართველი მეომრების გამო, რომლებმაც აგრესორთან ბრძოლას სიცოცხლე შეწირეს.

საქართველოს ფეხბურთში ისეთი მოთამაშეები გვყავდა, ხალხს ჰგონია, რომ ნაკრებმა სულ უნდა შეუტიოს, კაცი მოვატყუოთ, 15-ჯერ კარში დავარტყათ და 5 გოლი გავიტანოთ – არ არის ასე! შეიძლება მეორე ნომრად ითამაშო და მოიგო. ჩრდილომაკედონიის და იტალიის თამაშის ციფრები ხომ ნახეთ?!

ეს არ იყო ის თამაში, რომ ვდომინირებდით. მაგრამ თამაში შედეგზეა ორიენტირებული და მთავარია, შედეგს მივაღწიოთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი დიდ საერთაშორისო ტურნირებზე თამაშია და ხანდახან მოგვიწევს იმასთან შეგუება, რომ მეორე ნომრად ვითამაშებთ. ხანდახან ზოგი ისე გჯობნის, წინ ვერ მიდიხარ.

როდესაც 8 თუ 10-მატჩიანი ციკლი გაქვს, შენ არსენალში სულ უნდა გქონდეს განსხვავებული ტაქტიკა – სადღაც უნდა მოიგო, სადღაც ერთი ქულაც კარგია. ყველა თამაშს „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ ვერ იგებენ.

ზედიზედ 4 მოგებას რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად კარგია, ყველა – მწვრთნელიც, ფეხბურთელიც რწმენაში ვარდება. კარგი სერია კი თვითდაჯერებულობას გმატებს – აბა, წააგებ და არაფრის წაკითხვა არ გინდა. ეს ადამიანებს ანგრევს, მით უფრო სპორტსმენებს, რომლებსაც მარტივი ცხოვრება არ აქვთ.“