რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილების გადახედვის პირობა მიიღეს
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილების გადახედვის პირობა მიიღეს.
„კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათზე რესტორნების დახურვას ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე შეპირება კონკრეტული მიღებულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საუბარია რესტორნების დივერსიფიკაციაზე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ 22:00 საათის შემდეგ ისე, რომ კორონავირუსის გადაცემის რისკი ნაკლები იყოს.
22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა თბილისსა და იმერეთში 16 ოქტომბრიდან აიკრძალა. 20 ოქტომბრიდან კი, იგივე აკრძალვა შეეხო მცხეთაში მდებარე რესტორნებსაც.