რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს სტივ უიტკოფის განცხადებას, რომ „პუტინი ჰუმანისტია“

20:36, 21.10.2026

რესპუბლიკელმა სენატორებმა უკმაყოფილება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადების გამო, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ ტილისმა სოციალურ ქსელში სიტყვა „ჰუმანისტის“ განმარტება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უიტკოფმა ამ სიტყვის მნიშვნელობა უნდა გაითვალისწინოს.

„ეს რა ჯანდაბაა, სტივ? ლექსიკონში მოძებნე სიტყვა „ჰუმანისტის“ განმარტება. ეს რა სამარცხვინო და აღმაშფოთებელი განცხადებაა. უკრაინაში უნდა დაბრუნდე და ჰკითხო იმ ბავშვების ნათესავებს, რომლებიც პუტინმა გაიტაცა და მოკლა, ეთანხმებიან თუ არა ისინი იმას, რომ შენი მეგობარი პუტინი „ჰუმანისტია“, – დაწერა ტომ ტილისმა.

უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა სენატორი ჯონ კორნინიც. რესპუბლიკელმა სენატორმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არა. პუტინი დაუნდობელი მკვლელია“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, სანქტ პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.

მსგავსი