რექს ტილერსონი - ვაშინგტონი მზად არის, თურქეთს სირიის საზღვართან „უსაფრთხო ზონის“ შექმნა შესთავაზოს
რექს ტილერსონი - ვაშინგტონი მზად არის, თურქეთს სირიის საზღვართან „უსაფრთხო ზონის“ შექმნა შესთავაზოს

ვაშინგტონი მზად არის, თურქეთს სირიის საზღვართან,
სადაც ახლა სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, „უსაფრთხო ზონის“ შექმნა შესთავაზოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა.

ტილერსონის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ანკარასთან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიტუაციის დასტაბილურება.

თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ბეკირ ბოზდაგმა კი განაცხადა, რომ აშშ-მა „ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს“.

დღეს გავრცელდა ცნობა, რომ სირიის აფრინის რაიონში თურქულ არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს პერიოდში დაასრულებენ.

თურქეთის გენშტაბმა 20 იანვარს ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც სირიის ქალაქ აფრინში ქურთების ფორმირებების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. აფრინში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება კვირას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმაც გააკეთა.

თურქებთან ერთად, ოპერაციაში სირიის თავისუფლების არმიის მებრძოლებიც მონაწილეობენ.

დამასკომ მკაცრად დაგმო თურქეთის მიერ აფრინზე მიტანილი იერიში.