სირიის ქალაქ აფრინში მიმდინარე ოპერაციას თურქი სამხედრო ემსხვერპლა
სირიის ქალაქ აფრინში მიმდინარე ოპერაციას თურქი სამხედრო ემსხვერპლა

სირიის ქალაქ აფრინში მიმდინარე ოპერაციას თურქი სამხედრო ემსხვერპლა. ის თურქეთის პროვინცია კილისის საზღვრისპირა რაიონში დაიღუპა. ინფორმაციას თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„22 იანვარს, ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში, ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტებთან შეტაკებას ჩვენი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა“, – ნათქვამია თურქეთის სამხედრო უწყების განცხადებაში.

ოპერაციის დაწყების დღიდან ეს პირველი მსხვერპლია თურქეთის მხარეს.

თურქეთის გენშტაბმა 20 იანვარს ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც სირიის ქალაქ აფრინში ქურთების ფორმირებების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. აფრინში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება კვირას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმაც გააკეთა.

თურქებთან ერთად, ოპერაციაში სირიის თავისუფლების არმიის მებრძოლებიც მონაწილეობენ. დამასკომ მკაცრად დაგმო თურქეთის მიერ აფრინზე მიტანილი იერიში, რომელიც სირიის განუყოფელი ნაწილია.