რეკორდული მოგება - საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
რეკორდული მოგება - საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდა, დიდი ანგარიშით – 8:0 დაამარცხა და რამდენიმე ღირშესანიშნავი ფაქტიც დაფიქსირდა – ნაკრებმა თავის ისტორიაში ერთ მატჩში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, პირველი პოკერიც შესრულდა.

 

ვილი სანიოლმა წინასწარ დააანონსა, რომ ტაილანდთან ბევრ მოთამაშეს მისცემდა შანსს. ეროვნულ გუნდში პირველად ითამაშა ივა გელაშვილმა, დაცვაში იდგა ლუკა ლოჩოშვილი, ხოლო შეტევაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ ლევან შენგელია ვიხილეთ. ძირითადში არ იყო გაბრიელ სიგუა, არადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სანიოლმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებდა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში უკვე მე-9 წუთზე გახსნა – ზურიკო დავითაშვილის ძლიერ დარტყმას ტაილანდელთა მეკარემ ვეღარაფერი მოუხერხა – გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა. სამ წუთში ჩაკვეტაძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა ლუკა ლოჩოშვილმა და საქართველოს ნაკრები 2:0 დაწინაურდა.

24-ე წუთიდან კი მიქაუტაძის დრო დადგა – ტაიმის ბოლომდე „აიაქსის“ თავდამსხმელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა (შოთა არველაძის შემდეგ), ვინც ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში კი 44-ე წუთზე დავითაშვილმა დააფიქსირა – 6:0.

მეორე ტაიმში მხოლოდ ის იყო გასარკვევი, რამდენს გაუტანდნენ „ჯვაროსნები“ ტაილანდის ნაკრებს – გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი დააფიქსირა – პოკერი შეასრულა და საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ერთ მატჩში ოთხი გოლის გატანა შეძლო.

ვილი სანიოლმა თამაშის შესაძლებლობა ხვიჩა კვარაცხელიასაც მისცა და ხვიჩამაც გაიტანა, თანაც მისი გოლით საქართველოს ნაკრებს ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 8:0.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 15 ოქტომბერს ისევ თბილისის „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართავს და ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება.