იტალიის საკალათბურთო სერია A-ს 26-ე ტურში უმნიშვნელოვანესი მატჩი ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯო ემილიას“. ის სტუმრად ხვდებოდა მერვე ადგილზე მყოფ „ვარეზეს“, რომელიც გათამაშების ცხრილში ორი მოგებით უსწრებდა ქართველი ფორვარდის გუნდს.
„რეჯო ემილიამ“ პირველი მეოთხედი ჩააგდო და 18 ქულით ჩამორჩა მეტოქეს. მომდევნო ორი მეოთხედი სტუმრებმა მეტოქის დაწევას მოანდომეს და ეს კარგად გამოუვიდათ – მეოთხე მეოთხედის წინ მარკოიშვილი და თანაგუნდელები ოთხი ქულით იყვნენ წინ – 59:55.
დასკვნით 10-წუთეულშიც „რეჯო ემილია“ კარგა ხანი ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ ბოლო ოთხი წუთი 4:15 წააგო და საბოლოოდ, შვიდი ქულით დამარცხდა – 73:80.
მანუჩარ მარკოიშვილმა 34 წუთი დაჰყო მოედანზე და შვიდი ქულით, ხუთი მოხსნითა და ორი პასით დაეხმარა თავის გუნდს.
„რეჯო ემილიასთვის“ ეს იყო ზედიზედ მეოთხე წაგება. გუნდი მე-12 ადგილზეა და სამი მოგებით ჩამორჩება პლეი ოფის ზონას, თუმცა, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი.