რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თუ აშშ პირობას არ შეასრულებს, თურქეთი ოპერაციას გააგრძელებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თუ აშშ პირობას არ შეასრულებს, თურქეთი ოპერაციას გააგრძელებს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები პირობას არ შეასრულებს, ანკარა სირიის ჩრდილოეთ რეგიონში სამხედრო ოპერაციას განაახლებს.

ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოჭში გამგზავრებამდე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქურთების სახალხო თავდაცვითი რაზმის ყველა წარმომადგენელმა ე.წ უსაფრთხოების ზონა უნდა დატოვოს.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ოქტომბერს, სააგენტო „როიტერმა” გაავრცელა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აუცილებელ ნაბიჯებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გადადგამდა.

რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის შეხვედრა სოჭში დღეს არის დაგეგმილი. სწორედ 22 ოქტომბერს იწურება აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხუთდღიანი ვადა.

ანკარამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. 17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფმა სირიელმა ქურთებმა 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.